
უნგრეთის თუ უნგრეთის გარეშე ოპოზიციისთვის დემოკრატიას ფასი რომ არ აქვს, საზოგადოებამ არაერთხელ ნახა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩევნების გზით გამოეჩინათ საკუთარი პოლიტიკური სიმწიფე და პოლიტიკური კულტურა.
„არჩევნებში არმონაწილეობა, არჩევნების უგულებელყოფა, ზოგადად, დემოკრატიის უგულებელყოფა, საკუთარი ამომრჩევლის და მხარდამჭერების ნების გათვალისწინებაზე უარი თქვეს. არ არის აუცილებელი ახალი ველოსიპედის გამოგონება. უნგრეთში, თუ რომელიმე სხვა სახელმწიფოში ყურება უნდა დაიწყონ მარტივი რაღაცით, ელემენტარული საკითხით – არჩევნების პატივისცემა, არჩევნებზე გამოხატული პოზიციების პატივისცემა და საკუთარი მხარდაჭერების პატივისცემა. უნგრეთიდან საუკეთესო გაკვეთილია, რომ არჩევნების შედეგებს პატივს სცემს გამარჯვებულიც და დამარცხებულიც. აქედან დაეწყოთ ვიდრე სხვა სიღრმეებში შევიდოდნენ. მოსწონს ეს თუ არა, ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციას ბევრი რამე აკლია, ამ ადამიანების და პოლიტიკური ძალების პოზიციები ნაკლებად საინტერესოა.
„დიდი ხანია, გასულები არიან დემოკრატიული ჩარჩოდან და დემოკრატიული პროცესებიდან. რეალურად, მათ აინტერესებთ ყველანაირი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს არ არის არც სახელმწიფოს და არც მოსახლეობის ინტერესი. რაც შეეხება რწმენას, რაღაცაში ხომ უნდა იყოს გამოხატული, რომ ადამიანს ღმერთის სწამს. არ მინდა, რელიგია პოლიტიკასთან დავაკავშირო, მაგრამ თუ სურვილი აქვთ, ჩაერთონ. რომელ კანონში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც რაიმე ფორმით ტრადიციულ ღირებულებებთან იყო დაკავშირებული, მათ შორის ეკლესიისთვის მნიშვნელოვან გადაწვეტილებებთან. საკანონმდებლო დონეზე ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში სადმე მათი მხარდაჭერა მოგისმენიათ? პირიქით, ერთმანეთს ახალისებენ, როდესაც ხატებს საღებავებს ესრვრიან და კრემლის აგენტებს ეძახიან უმაღლესი იერარქიის რელიგიურ პირებს, პირდაპირ კრემლის გაგრძელებად ნათლავენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. რა მორწმუნეობაზეა საუბარი. მორწმუნეობაზე საუბარი თუ უნდათ, მორწმუნეობა კონკრეტულ საქმეში გამოხატონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.
0
0