
მგონი, ევრობიუროკრატებმა ჩვენი ერის ისტორია, ხასიათი და იდენტობა არ იციან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ქართველებმა დაახლოებით 17 საუკუნის წინ მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენს სულიერ თავგადასავალთან და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა. ეს არის ჩვენი მამული, ენა და სარწმუნოება და ჩვენ ამას ბოლომდე ვიცავთ. ეს ჩვენს სისხლშია და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ქართველების ხასიათი და როლი ჩვენმა ისტორიამ ჩამოაყალიბა. კარგად გადახედონ ჩვენს ისტორიას. სამიათასწლოვანი უწყვეტი გენის ერი ვართ. ჩვენი ხასიათი არის მებრძოლი ხასიათი. ჩვენი როლი არის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ზუსტად იგივე ერთობა იყო არჩევნების წინ და მილიონ ასი ათასზე მეტი მხარდამჭერი მოვიდა თვითმმართველობის არჩევნებზე.
„მათ ხმა მისცეს საქართველოს. „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმა ნიშნავს, რომ ხმა მისცე საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, ხმა მისცე მშვიდობას საქართველოში, ჩვენი იდენტობის, ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებასა და გამყარებას. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემო პატრიოტებო, გპირდებით, რომ ვიდრე გვერდში გვედგებით, გამორიცხულია, ჩვენ ერთ ადგილზე გავჩერდეთ. არცერთი ნაბიჯი მარჯვნივ, არცერთი ნაბიჯი მარცხნივ და მით უმეტეს, არცერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ წინ, უფრო მეტი დამოუკიდებლობისკენ, სუვერენიტეტისა და წარმატებისკენ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
0
0