
მუდმივი დისკუსიაა, რას იტყვიან ბრიუსელში და ვაშინგტონში. ყველაზე საინტერესოა, რას ამბობენ წყაროზე სოფლებში, ქალაქებში. სულ იმას უნდა ვუყუროთ, ისინი რას იზამენ? ანწუხელიძე თავს რომ სწირავდა, კი არ ელოდებოდა, რას იტყვიან ბერლინში. საინტერესოა, რას იტყვიან აქ – ვარკეთილში, გლდანში, თემქაზე, ნაძალადევში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა საგარეო პოლიტიკოსი გახდა, ბრიუსელიდან მეტი არაფერი მოხდება.
„გიცხადებენ პირდაპირ, რომ ბანანის რესპუბლიკა ხართო, ადამიანის უფლებები არ გაქვთ, სასამართლო არ გაქვთ, სახელმწიფო ინსტიტუტები თქვენთან არ არის, მეტი რა თქვან. ეს ხალხი ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს. პოლიტიკოსები, რომლებიც მუდმივად ამბობენ, აი, ნახეთ ახლა რა მოხდება ვაშინგტონში, გეტყვით – არაფერი მოხდება, ვიდრე ჩვენ არ გავაკეთებთ. ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის გასაკეთებელი.
არ მაქვს ამ ერზე ისეთი წარმოდგენა, რომ ბრძოლისუნარიანები არ ვართ. ამდენი დისიდენტი ზის ციხეში. პაატა ბურჭულაძით დაწყებული, ირაკლი ნადირაძით გაგრძელებული, ძალიან ბევრნი არიან. მანამდე დაკავებული კიკნაძე იქნება, ცეცხლაძე თუ სხვები. ამდენი დისიდენტია ქვეყანაში, ეს დისიდენტებია დასაფასებელი. ვიღაც რომ ამბობს, მე არ ვიტყვი, „დავიწყებ და დავამთავრებო“, კარგი, უფრო ჭკვიანური თქვი რამე, თქვენ იმოქმედეთ უკეთესად.
ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც მკვლელი და დამსახიჩრებელი ხარება გამოცხადებულია ქტიტორად და პაატა ბურჭულაძე მოძალადედ. ასეთი ნონსენსი გაგიგიათ? მსოფლიო ბანი, თითით საჩვენებელი კაცი არის მოძალადედ გამოცხადებული და ქტიტორი – ხარებაო. არც დისიდენტი გვაკლია, არც ოპოზიციონერი, მაგრამ რაღაც გაუგებარ თემებს არჩევენ.
ოპოზიციური ალიანსის ხუთი განცხადებიდან სამი „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ეხება, არანორმალურია, ძმაო, სიგიჟეა. თქვენი პლაკატების გამკვრელი ვიქნები მე, ლევან ხაბეიშვილი, ოღონდ გაათავისუფლეთ ეს ქვეყანა, ოღონდ სწორი ნაბიჯები გადადგით, ოღონდ იბრძოლეთ, ძმაო. მე ვიქნები თქვენი უკანასკნელი აგიგატორი, ყველას მოსამსახურედ დავდგები.
ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიტყვები: „10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო“. დღეს რას აკეთებთ 24-ში, ხალხო? ამას ნუ იტყვით, ჩემი რჩევაა. თქვენი არც გაკრიტიკება მინდა, მე ვარ ერთი თქვენი მხარდამჭერი, მაგრამ როგორ მაინტერესებს, რას აკეთებთ 6-ში, 7-ში, 8-ში, 9-ში?!
იცით, რაზე ჩხუბობენ, იმან რაღაც პოსტი დაწერა და უნდა ვუპასუხოო. მიშას უნდა ვუპასუხოთ სასწრაფოდო და ბიძინას რატომ არ პასუხობთ? 31 მარტს რომ დააანონსე 25 მაისის აქცია, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპნია არ დაუწყიათ. იძახიან, მოლოდინი არ შევქმნათო. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რომ პოლიტიკოსი ერიდება მოლოდინის შექმნას. რა მოლოდინი არ უნდა შექმნა? მერაბ კოსტავა 10 წელი ციხეში იჯდა, დისიდენტი კაცი, კი არ შეშინებია, არ გამომივა და მოდი, არ ვიტყვიო. პოლიტიკოსმა მოლოდინი უნდა შექმნა და გაიმარჯვო, თუ არ გამოვიდა, არაუშავს.
მე არ ვყოფ ოპოზიციას ამ მხარეს თუ იმ მხარეს, ჩემი თავი თქვენს ნაწილად მიმაჩნია, არავისზე მაგარი, უკეთესი არ ვარ, თქვენი გულშემატკივარი ვარ. გაეშვით კაცს, რომელსაც ლამის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სააკაშვილს ვგულისხმობ. ხუთი წელია, ციხეში ზის და თურმე პოსტი ვერ დაუწერია, ვიღაცის რევიზია უნდა გაიაროს. თავი ხომ არ მიარტყით რამეს, კაცო?
შეეშვით ერთმანეთს და რაც გინდათ, თუ გინდათ მე გამლანძღეთ, რამე ქენით. პაატა ბურჭულაძეზე, ირაკლი ნადირაძეზე და სხვებზე, დისიდენტებზე არაფერი უნდა თქვან, გვერდი უნდა აუარონ, რადგან ღობეა თურმე ძალიან მნიშვნელოვანი, ყაველაშვილის ღობეზე ვგიჟდებით. თქვენს ნაწილად მიმაჩნია თავი. არავისზე უკეთესი მე არ ვარ, თქვენი წიაღიდან წამოსული გულშემატკივარი ვარ. არ გვაქვს ბევრი დრო. ტროტუარზე დგომასაც კრძალავენ უკვე, სუნთქვასაც გვიკრძალავენ, ბენზინი 4 ლარი ღირს. საბანკო ოლიგარქიაზე რატომ არავინ ლაპარაკობს? ყვეკლა ოჯახს აქვს ვალი. თავქუდმოგლეჯილი რომ გაიქცა ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკიდან“. 10 000 ლარს რომ იღებ და 18 000 ლარს რომ იხდი სულ მცირე, ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს?“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0