15/06/2023
15:52
პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა.
ლევან იოსელიანი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და აქციის მონაწილეებისგან პირადად მოისმინა მოთხოვნები.
სახალხო დამცველის თქმით, აქციის მონაწილეები რადიკალურად არ არიან განწყობილი და მზად არიან დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვენ მეორე მხარისგან.
„ჩამოვედი, შევხვდი აქციის მონაწილეებს. სახალხო დამცველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი, რომელიც ჭიათურაში მიმდინარეობს, ვინაიდან დაკავშირებულია ძირითად უფლებასთან, შრომის უფლებასთან. მათი მოთხოვნები ჩვენთვის ცნობილია და ჩართული ვართ ამ ყველაფერში. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს და გავაგრძელებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულ იქნას. ამის მოლოდინიც აქვთ მათ და ყველაზე მთავარი, რაც დავინახე, რომ ეს ხალხი არ არის განწყობილი რადიკალურად. ისინი მზად არიან, წავიდნენ დათმობებზე, მაგრამ ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ, რომ დათმონ და მათი მოთხოვნებიც იყოს გაზიარებული. ვიცი, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული არის მედიატორი, რომელიც მუშაობს საკითხზე. ჩვენ ჩართულები ვართ შრომის ინსპექციის მონიტორინგის მიმართულებით და მათგან ვიღებთ ინფორმაციას შრომითი უფლებების და მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველი ამ პირობებში ცდილობს, მაქსიმალურად დაახლოებული იყოს პოზიციები და ამავე დროს, შრომის უსაფრთხოების პირობები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მაღაროელების აქცია ჭიათურაში მეათე დღეა, გრძელდება. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მედიატორის ჩართულობით გამართული შეხვედრა გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა. აქციის ათი მონაწილე უკვე მეოთხე დღეა, შიმშილობს. დღეს აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
0
0