
7-8 მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის, შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
ადვოკატის განმარტებით, მეორე ინსტანციის სასამართლომ უნდა შეაფასოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი, რა არსებითი გარემოებები და მტკიცებულებები არ გამოიკვლიეს და იმსჯელოს წინასწარი პატიმრობის მართლზომიერებაზე.
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საჩივრის შეტანიდან 72 საათის განმავლობაში განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხს.
ადვოკატს პრაქტიკიდან გამომდინარე დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს.
„პირდაპირ გპასუხობთ, პრაქტიკიდან გამომდინარე, მე არ მქონია შემთხვევა, სასამართლოს ბრალდებულის სასარგებლოდ შეეცვალოს რამე, მაქვს მოლოდინი, რომ დასაშვებად არ სცნობს“, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.
ადვოკატი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს განჩინებაში დასაბუთება „შაბლონურად და ზოგადადაა“ განმარტებული.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
0
0