22/05/2023
15:13
პოლიტიკა
რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა და პირდაპირი ფრენების აღდგენა კვლავ პოლიტიკური დისკუსიის თემაა. ოპოზიციაში სასტუმრო "ყვარლის ტბაზე" რუსული ქორწილის ინციდენტს იხსენებენ და ამბობენ, რომ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებისთვის "ცის და რესტორნის გახსნა" ქვეყნის ღალატის ტოლფასია.
"ოკუპანტისთვის, რომელიც თავს გვესხმოდა, რომელმაც დაიწყო 2008 წლის ომი, რომელმაც განახორციელა ეთნიკური წმენდა, დახოცა მოქალაქეები და დღემდე იტაცებს მათ ოკუპაციის ხაზთან, რომელიც აწარმოებს ომს უკრაინაში და ყოველდღიურად ხოცავს უკრაინელ ბავშვებს, ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი არის სწორედ ლავროვი და მისი ოჯახის წევრებისთვის ცის და რესტორნების გახსნა არის პირდაპირ ქვეყნის ღალატი," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი კი ამბობს, რომ მთავარია დამოკიდებულება, რომელსაც ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობებში ავლენს.
"დიდ სურათში და ბევრ ფაქტს რომ შევხედოთ, არა მხოლოდ ამას, ეს ერთი კონკრეტული საკითხია, მაგრამ იქ უამრავი სხვა რამეა, დამოკიდებულებები რუსეთთან, ავიამიმოსვლის აღდგენა, უვიზო რეჟიმის აღდგენა, საუბარი დიპლომატიურ ურთიერთობებზე, საუბარი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, საბოლოო ჯამში, სტუმარ-მასპინძლობა კი არა, რაც არ უნდა შეეშალოს ჩვენს ხელისუფლებას და რაც არ უნდა აერიოს, არის ის, რომ ერთმანეთისგან უნდა არჩევდნენ მტერს და მიყვარეს. დღევანდელი რეალობა ის არის, რომ მტერს ლამის მოყვრად გვასაღებენ და ვინც ჩვენი რეალური მეგობრები არიან და ვინც მტრისგან და ოკუპანტისგან გვიცავენ, მათ ყოველდღიურად გვაშორებენ,"-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
0
0