25/04/2024
14:55
მსოფლიო
ლატვიის პარლამენტის (სეიმი) მიერ ხუთშაბათს, 25 აპრილს, მესამე, დასკვნითი მოსმენით მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საკვები პროდუქტების ფასების ეტიკეტზე, 1 სექტემბრიდან, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის დასახელება.
„სასურსათო პროდუქტების მოხმარების ზედამხედველობის შესახებ“ კანონში შეტანელი ცვლილებების მიხედვით, მთავრობა განსაზღვრავს კრიტერიუმებს იმ ქვეყნის იდენტიფიცირებისთვის, სადაც პროდუქტი იწარმოება, ასევე ეტიკეტზე წარწერის დატანისა და განთავსებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. საკანონმდებლო ცვლილება გამონაკლისებსაც უშვებს, როდესაც ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება საჭირო არ არის.
ახალი მოთხოვნები მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
მწარმოებელი ქვეყნის არმითითება იწვევს გაფრთხილებას ან ჯარიმას: ფიზიკური პირისთვის, - 250 ევრომდე, ხოლო იურიდიული პირისთვის, - 1000 ევრომდე.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი დეპუტატების განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება გააადვილებს იმპორტირებული საქონლისგან ადგილობრივი პროდუქციის გარჩევას და იმის დადგენას, კონკრეტულად სად არის დამზადებული ესა თუ ის პროდუქტი, ასევე შეამცირებს მყიდველის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. პარლამენტარების თქმით, საცალო ვაჭრობის ზოგიერთ ობიექტში დღემდე ინახება რუსული და ბელარუსული პროდუქცია.
ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე, მწარმოებელი ქვეყნის მითითება მხოლოდ გარკვეულ საკვებ პროდუქტებთან (მაგალითად, ხორცი, ახალი ხილი და ბოსტნეული) მიმართებაში იყო სავალდებულო
მწარმოებელი ქვეყნის მითითება შესაძლებელია დროშის და/ან წერილობითი ფორმით.
0
0