
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სისხლის სამართლის პროცესი ლატვიელი ჟურნალისტისა და ყოფილი პოლიტიკოსის ანდრეი მამიკინის წინააღმდეგ: ის ახლახან გადავიდა რუსეთში, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებს სატელევიზიო პროპაგანდისტულ შოუებში. საქმე აღიძრა ომის დანაშაულების გამართლების მუხლით - მას შემდეგ, რაც მამიკინმა (მამიკინსმა) რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში იყო "დიდი წმინდა საქმე".
ანდრეი მამიკინსი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ლატვიაში ჟურნალისტად და ერთ-ერთ ლატვიურ ტელეარხზე უძღვებოდა პოპულარულ საავტორო გადაცემას „ცენზურის გარეშე“, იუწყება Present Time.
2014 წელს მამიკინმა დატოვა ჟურნალისტიკა და ლატვიიდან ევროპარლამენტის წევრად აირჩიეს. ის იყო, კერძოდ, ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში.
ევროპარლამენტში ხუთი წლის მუშაობის შემდეგ მამიკინსმა პოლიტიკური კარიერა დაასრულა, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიური დარჩა. თავის YouTube არხზე "Mamykin.TV" ის აქვეყნებს ინტერვიუებს - ძირითადად ლატვიის მთავრობის კრიტიკოსებთან. ჯერჯერობით მის არხს მხოლოდ 20 ათასი გამომწერი ჰყავს.
უახლეს ვიდეოში მამიკინი ზის ასო Z-ის წინ და ამბობს, რომ ის "დიდი ხანია მოსკოველია". მან რუსეთში გადასვლას "ნაცისტური რეჟიმისგან გაქცევა" უწოდა.
0
0