
სააკაშვილს არა მხოლოდ ვეთანხმები, არამედ კი, უფრო ეფექტური, ფართო კამპანიაა საჭირო, რათა არა მხოლოდ რეგიონებში წავიდეთ, არამედ მთელი ქართველი ხალხი ერთ მუშტად დადგეს რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ფარულავას თქმით, ოპოზიციის ალიანსში მზად არიან ბრძოლისთვის.
„ბიძინას ვერ ვამარცხებთ და მოდი, მიშას ცენზურა დავუწესოთ, პოლიტპატიმარს, რომელსაც სურს, ბრძოლა გაგრძელდეს, იყოს ეფექტიანი – ეს პარადიგმა არა მხოლოდ დამაზიანებელი, არამედ ლუზერობის ფორმულაა. ზუსტად ვიცი, რომ ალიანსში მზად არიან ბრძოლისთვის. ზუსტად ვიცი, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ამ გაერთიანებაშია, ერთი მიზნის გარშემო არის გაერთიანებული, ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. რეჟიმის, რომელსაც ქართველი ხალხის ფულით უნდა, გამდიდრდეს, ქართველი ხალხი გააღარიბოს. გვაქვს ოლიგარქიული სისტემა, რომელიც უკვე ნეომონარქიულ რეჟიმში გადადის. ამიტომ ცხადია, მიზანი უნდა გაასწოროს ყველამ. მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ ვეთანხმები, არამედ კი, უფრო ეფექტური, ფართო კამპანიაა საჭირო, რათა არა მხოლოდ რეგიონებში წავიდეთ, არამედ მთელი ქართველი ხალხი ერთ მუშტად დადგეს რუსთაველის გამზირზე, დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
კითხვაზე, „ლუზერებს ალიანსის წევრებს უწოდებთ?“, ლაშა ფარულავამ უპასუხა:
„ვერ გაიგეთ, ალიანსის წევრებს კი არ ვუწოდებ, ვსაუბრობ იმაზე, რომ წლების განმავლობაში არსებობდა პოლიტიკური პარადიგმა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ ვამარცხებთ და მოდი, მიშამ აზრი არ გამოთქვას, მიშას იქნებ ავუკრძალოთ და დავუწესოთ ცენზურა. ეს არის ლუზერობის ფორმულა. მიხეილ სააკაშვილი გარეთ, ხალხში არის გამარჯვების ფორმულა. რეჟიმის მხრიდან მას, ფაქტობრივად, სამუდამო პატიმრობა აქვს, რადგან მთავარი მოწინააღმდეგეა ბიძინა ივანიშვილის. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც ეს წამგებიანი ნარატივი აქვს. არ ვგულისხმობ თამარ ჩერგოლეიშვილს, არ ვგულისხმობ კონკრეტულ ადამიანს, არამედ ვსაუბრობ ნარატივზე, რომელიც არის წაგების ფორმულა, თუ ვინმეს სურს ლუზერობა, ამ გზას დაადგება. ბევრი ადამიანია, რომელიც ამ გზაზე დიდი ხანია, დადის. ჩვენ გვსურს ივანიშვილის რეჟიმის დასრულება. ოლიგარქიული სისტემა უკვე გადადის ნეომონარქიულ რეჟიმში და იქნება მემკვიდრეობითი დანიშვნები. ქართველ ხალხს სურს თავისუფალი ქვეყანა, ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, განვითარება და ივანიშვილის პირობებში ეს წარმოუდგენელია“.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 18 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია, ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე“.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი რვა პარტია: „არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად“.
მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილს კიდევ ერთი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა: „მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ“.
ცნობისთვის, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 2 მარტს „ოპოზიციური ალიანსის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელშიც შედიან: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.
0
0