
დემოკრატიული ოპოზიცია ერთიანია ორ მთავარ მოთხოვნაში. პირველი – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რეპრესიებისა და ტერორის შეწყვეტა; მეორე – ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება რუსული რეჟიმის გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ფარულავას თქმით, ამ მიზნის მიღწევას სჭირდება ერთიანობა, მოქმედებების საერთო გეგმა.
„ჩვენ ვსაუბრობთ საერთო გეგმებზე, ვინაიდან უკვე ვართ ერთიანები, უბრალოდ საჭიროა ნაბიჯის გადადგმა ამ მიზნის მისაღწევად. დემოკრატიული ოპოზიცია მოთხოვნებში არის ერთიანი, ხოლო მოქმედებებში არის გარკვეულწილად განსხვავებული შეხედულებები და მოქმედებებთან დაკავშირებით თუ იქნება საერთო გეგმა, ხედვა და ნაბიჯები, ეს ბრძოლა იქნება უფრო ეფექტური. სწორედ ამას გულისხმობს ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც არათუ ვეთანხმები, არამედ ვუერთდები და მზად ვართ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ.
მიუხედავად რეპრესიებისა, ტერორისა, ციხეებში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური ტყვეობისა, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. მიუხედავად იმისა, რას დაგვიპირისპირებს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის რეჟიმი, ცხადია, რესურსი არსებობს და ეს რესურსი აქვს ქართველ ხალხს. საჭიროა მოქმედებებზე გადასვლა, რათა ივანიშვილის რეჟიმმა რუსთაველზე იხილოს ერთიანი ქართველი ხალხი. ეს კი იქნება მთავარი ფაქტორი არა მხოლოდ მისი უკან დახევის, არამედ მისი დამარცხების“, – განაცხადა ფარულავამ.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ახალ ხედვებზე, თამაშის წესებზე შესათანხმებლად სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში საუბარი მიმდინარეობს.
0
0