
ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, განაგრძობენ კომუნიკაციას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან.
„დემოკრატიულმა ოპოზიციამ გააფორმა ალიანსი. ვაგრძელებთ კომუნიკაციას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი კალაპოტით, ასევე გაძლიერდეს საგარეო წნეხი, მათ შორის ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით. ვმუშაობთ, რომ პოლიტპატიმრები დავიხსნათ და ქვეყანაში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ, რათა ქართველმა ხალხმა შეძლოს საკუთარი სურვილების რეალიზება. პირველ რიგში, ევროპული არჩევანის საკითხი არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ივანიშვილმა მოაწყო ევროპული არჩევანის საბოტაჟი და ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ჩვენი გეგმა არის, რომ ვაგრძელებთ მუშაობას ერთიანობისთვის, შენარჩუნდება ბრძოლის მშვიდობიანი კალაპოტი, გაძლიერდება საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტები, რათა ივანიშვილი იძულებული გახდეს, დანიშნოს სამართლიანი არჩევნები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, 2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.
შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.
0
0