
ჩვენ უნგრელ ხალხს ვგულშემატკივრობდით, ვიქტორ ორბანის მარცხს ვგულშემატკივრობდით და ახლა პეტერ მადიარის გადაწყვეტილებებს შეაფასებს უნგრელი ხალხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ლაშა ფარულავას კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია პეტერ მადიარს გულშემატკივრობდა უნგრეთის არჩევნებში, დღეს კი მადიარის ინიციატივით, ევროკავშირის სამიტის დასკვნითი დეკლარაციიდან ამოღებულია პუნქტი უკრაინის გაწევრიანების დაჩქარების შესახებ.
ფარულავას თქმით, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, ევროპის კავშირის წევრობას და ის იქნება არამხოლოდ წევრი, არამედ – მთავარი ფლაგმანი ევროკავშირში.
„ჩვენ ვგულშემატკივრობდით უნგრელ ხალხს, რომელსაც სურდა ორბანის დამარცხება და კი ორბანი იყო მთავარი პარტნიორი, პოლიტიკური მამა ივანიშვილის, ის ლობირებდა, რომ თარგეთირებული სანქციები არ ყოფილიყო „ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიმართ და ის აფერხებდა ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ უნგრელ ხალხს ვგულშემატკივრობდით და ორბანის მარცხს ვგულშემატკივრობდით და ახლა პეტერ მადიარის გადაწყვეტილებებს შეაფასებს უნგრელი ხალხი. დამიჯერეთ, მადიარის გადაწყვეტილებებს უკეთესად შეაფასებს უნგრელი ხალხი. უკრაინა რომ იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, ევროპის კავშირის წევრობას, ამაში გეთანხმებით და რა თქმა უნდა, ასეც იქნება. უკრაინა არის ევროპული უსაფრთხოების მთავარი ხაზი, ის იცავს ევროპის უსაფრთხოებას და კი, არამხოლოდ წევრი იქნება, მთავარი ფლაგმანი იქნება ევროკავშირში“, – განაცხადა ფარულავამ.
0
0