
უნგრულ მოდელზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრია, საქართველო არა თუ არ არის ევროკავშირის წევრი, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირის გზიდან გადაიყვანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიებმა თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას, რომ არსებობა რეჟიმის პირობებში უწევთ, არსებობს, მათ შორის, „ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებებს აუქმებს.
„ხალხის მობილიზება, თანამოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმება არის ის გზა და ფორმულა, რომლითაც უნდა დავამარცხოთ არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი რეჟიმები. ძალიან მარტივი მოცემულობაა, ევროკავშირის წევრი უნგრეთი და საქართველო, რომელიც ევროკავშირის გზიდან ივანიშვილის გამო დიდი ხანია, გადასულია. ეს არის განსხვავებული სინამდვილე და ამ სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს გულისხმობს, რომ საჭიროა მობილიზება, საჭიროა ჩვენი თანამოქალაქეების უფრო აქტიური ჩართვა და რეჟიმის დამარცხება სახალხო ერთიანობით“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
კითხვაზე, როგორ მოხერხდება „ქართული ოცნების“ დამარცხება არჩევნებამდე, ლაშა ფარულავა პასუხობს: „ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ერთადერთი ფორმულა ერთიანობაა, თანამოქალაქეების გაერთიანება ორი მიზნის გარშემო“.
„ეს არის თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შემდგომი რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ამ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა დასრულდება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ეკლესიის სიძლიერისთვის ყოველთვის ბევრს აკეთებდნენ, ამისი კონკრეტული მაგალითია, აღდგენილი ბაგრატისა და ფოთის საკათედრო ტაძარი.
„როდესაც რელიგიაზე, კულტურასა და მართლმადიდებლობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღემდე არ აქვს გელათს სახურავი და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იმის გამო ნადგურდება, რომ „ქართული ოცნება“ არის გულგრილი კულტურისა და ეკლესიის მიმართ“, – განაცხადა ლაშა ფარულავამა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ რელიგია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, ლაშა ფარულავა პასუხობს: „როგორც ჩემთვის, ისე ჩემი თანაგუნდელებისთვის ეკლესია არის სივრცე, სადაც ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის უნდა ვილოცოთ“.
„რაც შეეხება ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესს, ეს არის სეკულარიზმის პრინციპით მოსაწესრიგებელი. ეკლესია თავად აირჩევს პატრიარქს. ეს არის ის წმინდა სივრცე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არასდროს არავინ არ შეეხება. ვინმემ ჩვენი ეკლესია თუ დაასუსტა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. საეკლესიო საკითხებზე როდესაც არის საუბარი, დამოუკიდებლობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეკლესიის შიგნით არავინ არ უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.
გარდა ამისა, პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „პეტერ მადიარმა უნგრეთში არჩევნები რითაც მოიგო, ჩვენ უკვე გავწერეთ სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელზეც ცხრა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით. არჩევნებით აუცილებლად აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას, რომელსაც რეჟიმი არჩევნებზე ვერ გააყალბებს“.
0
0