
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, უწყვეტი პროტესტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოში არსებობს მოსახლეობის სეგმენტი, რომელიც წინააღმდეგობის გარეშე არ აპირებს "ჩაბარდეს დიქტატურას".
როგორც ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, შესაძლებელია, პროტესტის ახალი ტალღა შემოდგომიდან დაიწყოს.
ამასთან, მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პროტესტი გარკვეულ ჩიხშია, ხელისუფლებაც ჩიხშია მოქცეული“.
„200-დღეზე მეტ ხნიანი პროტესტის შედეგი არის ის, რომ საზოგადოება ხედავს, საქართველოში არის ხალხი რომელიც წინააღმდეგობის გარეშე არ აპირებს ჩაბარდეს იმ დიქტატურას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოში დაამყაროს. რასაკვირველია, წინააღმდეგობა უნდა გაიზარდოს. შეიძლება, წინააღმდეგობა შემოდგომიდან ახალი ძალით დაიწყოს. ისევე როგორც წინააღმდეგობაა ჩიხში, ასევე ჩიხშია ეს ხელისუფლება“,- განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძე აქციების მუხტის შემცირებას „ქართული ოცნების“ მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებს.
მისივე მოსაზრებით, საპროტესტო მოძრაობა არსად გაქრება და პირიქით, ქვეყანაში დაგროვილი დაძაბულობა შესაძლოა მასობრივ აფეთქებად გადაიქცეს:
„უნდა ვაღიაროთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაწესებული შეზღუდვები მუშაობს, ამიტომაც დაიკლო ადამიანების რაოდენობამ აქციებზე. საბოლოო ჯამში, ის რომ პროტესტი არსებობს, არის მნიშვნელოვანი. „ქართული ოცნება“ დარწმუნებული უნდა იყოს რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც არ მოსწონთ ეს ხელისუფლება. როგორც კი მოვა დრო, 100 ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში. ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში ეს შეიძლება ძალიან საშიში გახდეს. როდესაც ადამიანებს მუდმივად ამყოფებენ ზეწოლის ქვეშ, ეს ადამიანები ერთ მშვენიერ დღეს აიღებენ ფიწლებს და მაშინ მათი შეჩერება ძალიან გაძნელდება“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძემ ასევე მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციის გამარჯვება შეუძლებელია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა – როგორც არ მონაწილეობა – მარგინალიზაციის რისკს შეიცავს.
„გამარჯვების არანაირი შანსი არ არსებობს. არანაირი ლოგიკა არ არის იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. არჩევნებში არ მონაწილეობით შეიძლება მოხდეს შენი მარგინალიზაცია, შესვლითაც ასევე მარგინალიზაციას გაგიკეთებენ. არავინ დააკვირდება, არავინ შეამოწმებს, რასაც უნდა იმას დაწერენ.
გახარიას პარტიამ მოთხოვნები მაინც დააყენოს. ეს არის მძევლების გამოშვება, დრაკონული კანონების უკან წაღება და საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება. ცხადია, რომ ამაზე არ წამოვა „ქართული ოცნება“. თუ პირობებს არ აყენებ, საერთოდ არ აქვს აზრი. ასეთ პირობებში არანაირი აზრი არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“,- განაცხადა ბაქრაძემ.
0
0