
გალაკტიონ ტაბიძე ქართული პოეზიის/კულტურის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისმა შემოქმედებამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ქართული ენისა და მხატვრული აზროვნების შესაძლებლობები.
2026 წლის 17 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 135 წელი სრულდება. გალაკტიონი სოფელ ჭყვიშში (ვანის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. ჭყვიშში დღესაც დგას სახლი, რომელიც ახლა პოეტის სახელობის სახლ-მუზეუმი და რეგიონის ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრია.
თანამედროვე ტექნოკრატიული/ვირტუალური ეპოქა საგულისხმო გამოწვევაა პოეზიისთვის - სულ უფრო მეტად იკლებს მისი პოპულარობა და ნაკლებად გააზრებულია მისი მნიშვნელობა. არადა, პოეზია არის ფუნდამენტი ენისა და აზროვნების განვითარებისთვის. მით უფრო, როცა საქმე გალაკტიონ ტაბიძის დარ პოეტს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონ ტაბიძე ყველა ეპოქაში, ყველა თაობისთვის ყველაზე საინტერესო და უმთავრეს პოეტად რჩება, მაინც არსებობს იმის საშიშროება, რომ ტექნოლოგიურ ხანაში გაზრდილი მომავალი თაობები სათანადოდ ვეღარ გაიაზრებენ და დააფასებენ მის შემოქმედებას; შესაბამისად, გაწყდება პოეზიასთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი რგოლიც.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, საშური და მნიშვნელოვანია გალაკტიონ ტაბიძის 135 წლისთავის მასშტაბური აღნიშვნა, მისსავე მშობლიურ სოფელში. პროექტი „გალაკტიონი - 135“ სწორედ ამ ამოცანას ისახავს მიზნად, რაც თანამედროვე მკითხველ/მსმენელ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუთხრობს და გაუცოცხლებს გალაკტიონ ტაბიძის პიროვნული და შემოქმედებითი ცხოვრების გზას.
პროექტი გულისხმობს ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიციის შექმნას, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს - 17 ნოემბერს, მის მშობლიურ სოფელში - ჭყვიშში, მისივე სახლ-მუზეუმის სივრცეში გაიმართება.
კომპოზიცია აიგება გალაკტიონის ლექსების, დღიურების და ჩანაწერების მიხედვით. გაცოცხლდება ეპოქა (მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლები), წარმოჩნდებიან რეალური პერსონაჟები, რომლებიც გალაკტიონის სახელს უკავშირდებიან (დედა, ძმა, ცისფერყანწელები, მერი შერვაშიძე და ა.შ.).
შემოქმედებითი ჯგუფი: რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობები, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი, გამნათებელი.
ქრონომეტრაჟი: 35-40 წთ.
0
0