
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია იწყება - კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, დღეს, ზუგდიდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სასახლის რესტავრაციის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
რესტავრაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების და ისტორიკოსების ჩართულობით მომზადდა და პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებულ დარბაზებში იმ უნიკალური ნივთების ხილვას შეძლებს, რომლებიც საუკუნეზე მეტია არ გამოფენილა.
როგორც თინათინ რუხაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ქართული მუზეუმები უნდა იქცეს ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად და დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია, სწორედ, ამ მასშტაბური პროექტის დასაწყისია.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ვიწყებთ დადიანების სასახლის დედოფლისეული, პირველი კორპუსის რეაბილიტაციას, რასაც, რა თქმა უნდა, უდიდესი მხარდაჭერა აქვს, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ზუგდიდი არის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა და შესაბამისად, ვინც იცის ამ მხარის და დადიანების ისტორია, იცის ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოსეულ სასახლეს ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით ჩაუტარდა რეაბილიტაცია, დედოფლისეულ რეზიდენციასაც სჭირდებოდა სათანადო ყურადღება. ეს არის დასაწყისი იმ დიდი ინიციატივისა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ათამდე სხვადასხვა ტიპის მუზეუმისა თუ სახლ-მუზეუმის აღდგენას გულისხმობს, მათ შორისაა - თბილისში, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმები ვანში. ქართული მუზეუმები უნდა იქცეს ტურისტული ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილად, რათა ჩვენი ქვეყნის ისტორია სათანადოდ იყოს წარმოჩენილი. დადიანების სასახლის დედოფლისეული, პირველი კორპუსის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 3 მლნ ლარია,“- აღნიშნა მინისტრმა.
რეაბილიტაცია სასახლის კონსტრუქციული მზიდების, საძირკვლის, აივნისა და გადახურვის ბურჯების სრულად გამაგრებას მოიცავს. აგრეთვე, რესტავრაცია ჩაუტარდება რეზიდენციის საგამოფენო დარბაზებს და მათ ავთენტური, ისტორიული სახე დაუბრუნდება. რესტავრატორები იმუშავებენ დედოფლისეული სასახლის უნიკალური, ე.წ ლაზური აივნის შენარჩუნებისთვისაც, უფლისწულის სასახლისთვის კი მომზადდება სპეციალური სადრენაჟო სისტემა, რომელიც საძირკველს ზედმეტი ნალექისაგან დაიცავს. დედოფლისეულ სასახლეში ბოლო კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა.
პრემიერ-მინისტრთან და კულტურის მინისტრთან ერთად დადიანების სასახლეში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია და დადიანების სასახლეების განვითარების სტრატეგიული საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კალანდია იმყოფებოდნენ.
0
0