
კრისტოფერ ნოლანის „ოდისეამ,“ გლობალური აუდიტორიის თითქმის ერთსულოვანი აღფრთოვანებისა და სიყვარულის ფონზე, ამერიკელი მიმომხილველებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა.
მემარცხენე/ლიბერალური მიმართულების მქონე მიმომხილველებისთვის ფილმის “Woke” სამსახიობო შემადგენლობა, მაგალითად, შავკანიანი ელენე ტროელი - ლუპიტა ნიონგოს შესრულებით, რეჟისორის “გამბედაობის,” “ინკლუზიური თანასწორობის” ღირებულების მიმართ ერთგულებისა და ფილმის “რევოლუციურობის” ნიშანია. მემარჯვენე/კონსერვატიული მიმართულების მქონე მიმომხილველებისთვის პირიქითაა: ეთნიკურად და რასობრივად მრავალფეროვანი სამსახიობო ქასთი მათთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ფილმი შეეფასებინათ, როგორც მორიგი “მარქსისტულ-ლიბერალურ-პროპაგანდისტული ნაგავი” და თავდასხმა ქრისტიანული დასავლეთის კონსერვატიულ, ტრადიციულ ღირებულებებზე.
ისმის კითხვა: ნოლანის “ოდისეა” მართლაც თანამედროვე, “მულტიკულტურული” საზოგადოების სტანდარტებზე მორგებული, “რევოლუციური” პროდუქტია, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს უპირისპირდება? თუ (საეჭვოდ) ბასრი გონებითა და (სათუოდ) მარდი ალღოთი ცნობილი ამერიკელი მემარჯვენე/მემარცხენე მიმომხილველების ინტერპრეტაციაში ეჭვი უნდა შევიტანოთ და ჩავთვალოთ, რომ - “Woke” ქასთის მიუხედავად, 2026 წლის “ოდისეა” არის ის, რაც უნდა იყოს კლასიკური “ოდისეა” - სახლში, ტრადიციასთან და საუკუნოვან “კერასთან,” დაბრუნების ეპიკური, დიდებული ეპოსი?
ვფიქრობ, ზემოაღნიშნული კონტროვერსიული გამოხმაურებებისა და “მრავალფეროვანი,” “ისტორიულად არააკურატული” სამსახიობო ქასთის მიუხედავად, ფილმი, როგორც კონცეპტუალურად, ისე - სტრუქტურულად, არის ჰომეროსის უკიდურესად ტრადიციონალისტური და, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ღრმად ქრისტიანული ინტერპრეტაცია...

საქმე იმაშია, რომ ტროას დაცემისა და ოდისევსის ხანგრძლივი მოგზაურობის დაწყების შემდგომ, მთელი ფილმის განმავლობაში, ხან პენელოპეს, ხან მენელაოსის, ხანაც ტელემაქეს პირით ხშირად ვისმენთ გაფრთხილებებს შემზარავი „ზღვის ხალხის“ შესახებ. ძლევამოსილი გემებით მცურავი ზღვის ხალხი აყაჩაღებს ბერძნულ ქალაქებს, კუნძულებს, ძირს უთხრის ელინურ ცივილიზაციას და კულტურას.
ვინ არის ზღვის ხალხი? საიდან მოვიდნენ? რატომ თესავენ სიკვდილსა და დასასრულს? როდის მიაღწევენ სპარტამდე ან როდის მივლენ ითაკამდე? - ეს კითხვები არაერთხელ ჟღერდება სხვადასხვა მიზანსცენაში, ცა - ხმელთაშუა ზღვის ცინცხალი, მხიარული ცისფერის ნაცვლად - კირკეგორის ფიქრების ფერია, აღამემნონის პატივმოყვარეობას გადარჩენილი სამყარო კი - თავის წილ აპოკალიფსს ელოდება.
ვაღიარებ, მთელი ეს ჩუმი, ნაცრისფერი პანიკა გაურკვეველი წარმომავლობის მქონე „ზღვის ხალხის“ გარშემო, როგორც მაყურებელს, უსასრულოდ მაღიზიანებდა ფილმის პირველი 2/3-ის განმავლობაში. ვფიქრობდი, რომ... სერ, კეთილო სერ, კალიფსოს შესახებ მოგვიყევი მეტი, ციკლოპის სცენა კიდევ გვაჩვენე, ცოტა მეტი ბრძოლა, ჰეროიკული ტრიკსტერობა და მახვილგონივრულობა, სერ კრისტოფერ! რატომ შეგვიჭამეთ ტვინი ამ „ზღვის დამპყრობლებით?“ ან რატომ არის ხმელთაშუაზღვისპირეთის შეზარხოშებული და ხალასი ზეცა ჯორჯ ბაირონის ლექსების, მერი შელის პოემისა და 90-იანების საქართველოს ფერი? რას გვერჩით, სერ? და მერე, ვნახე ფილმის ბოლო 1/3...
თმაგაჭაღარავებული, უსასრულო გზისგან და უსასრულო სისხლისღვრისგან დაღლილი ოდისევსი ითაკაში ბრუნდება. მათხოვრის ძონძებში გახვეული კიბეზე ჩამოჯდება და თხელი შირმის უკან მყოფ პენელოპეს, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის მისი ნამდვილი ვინაობა, როგორც მონანიე ცოდვილი - აღსარებას, ისე უყვება ტროას აღების ისტორიას - მის უდიდეს გმირობასა და უდიდეს... ტკივილს. ეუბნება, რომ - “ტროას კედლების დაწვა ნიშნავდა... სამყაროს დაწვას, მათ შორის, ჩვენი საკუთარი სახლის დაწვას, ფერფლამდე... ჩვენ ვცხოვრობდით სასახლეების, ვაჭრობისა და მრავალფეროვანი ენების სამყაროში, მაგრამ ვიყავით ბრმები მისი სილამაზის მიმართ. ჩვენ დავარღვიეთ ზევსის წმინდა კანონი ჩვენი ტყუილით და საკუთარი ხელით დავასრულეთ ბრინჯაოს ცივილიზაცია...
"ჩვენ ვიქეცით ზღვის ხალხად..."
ტროას ქუჩებში სისხლის გუბეების დაყენებამ, ტაძრების შებილწვამ და ომის ღმერთის ბრმა მსახურებამ დაასრულა ოდისევსის ცივილიზაცია, აქცია ისინი „ზღვის ხალხად“ - უსამშობლო და გზააბნეული სულების ეკიპაჟად. 10 წელი დაძრწოდა ოდისევსი ცნობილი და უცნობი სამყაროს კიდეებთან იმის გამო, რომ გაურბოდა პასუხისმგებლობას, არ უნდოდა იმ უბედურებისა და ქაოსისთვის თვალის გასწორება, რომელიც, როგორც თვითონ ფიქრობს, საკუთარ სამყაროს თავადვე დააწია. საინტერესოა, რომ ათენა, რომლის როლსაც ასრულებს შავკანიანი ზენდაია და რომლის „ათენობაც“ ცალკე პროტესტის საგნად იქცა, აღმოჩნდა, რომ... შეიძლება სულაც არ იყოს ათენა. "ათენა" იმ პატარა გოგოს აჩრდილია, რომელსაც ოდისევსის ჯარისკაცებმა ტროაში, ათენას ტაძრის წინ, ატირებულს, გალეულსა და უსუსურს, თავი წააცალეს...
ისტორიის დანარჩენი ნაწილი ძირითადად კლასიკურ სქემას მიუყვება. აღიარებს რა საკუთარ ბრალეულობას და იღებს პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთს, ოდისევსი სახლში ბრუნდება. მეფისა და „მამის“ დაბრუნებას კი წესრიგის დაბრუნება ახლავს თან. მოღალატე არისტოკრატია ნადგურდება, ძალაუფლებას კანონიერი მემკვიდრე, ტელემაქე, იღებს ხელში, ოდისევსი და პენელოპე კი ახალ „ოდისეას“ გეგმავენ, ამჟამად - იქ, შორეულ და უცხო დასავლეთში, სადაც ახალ სამყაროს და ახალ ცივილიზაციას ჩაუყრიან საფუძველს. ჰომ... არცთუ მთლად გამჭვირვალე და, ცოტა არ იყოს, ნაჯახივით დელიკატური მინიშნებაა იმაზე, რომ ძია სემის იმპერია ოდისევსის გზის გამგრძელებლად მიიჩნევს საკუთარ თავს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ფილმის ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსშესანიშნავი “მიგნებაა” ის, რომ აღამემნონი, მიკენის მეფე და ისტორიის ანტაგონისტი, როგორც ვიზუალური, აგრეთვე, ნარაციული ხერხების გამოყენებით, წარმოდგენილია, როგორც ომის ღმერთი - არესი. შთამბეჭდავი, ნეფილიმური სიმაღლის მქონე აღამემნონს ვხედავთ მხოლოდ საომარი მუზარადით, მის წინაშე მუხლს იდრეკს ოდისევსიც და აქილევსიც, მის წინაშე მუხლს იდრეკს თავად ტროა. სცენა, როდესაც ტროას კარიბჭე იღება, ის სცენაა, როდესაც არესი/აღამემნონი ქალაქში შემოდის: კარი იხსნება და ტროაში ფიზიკური წყვდიადი იღვრება, წყვდიადის სიღრმეში კი ავი ბედისწერასავით იკვეთება ომის ღმერთის - არესის კონტურები (აღამემნონი ომის ღმერთის/დემონის მუზარადით)... აღამემნონი არქაული, ხტონური ძალაა, მოუთოკავი, ასოციალური ნეფილიმი და ომის/დესტრუქციის ღმერთია, რომელიც რამდენადაც მშვენიერი, ეპიკური და ძლევამოსილია, იმდენად დაცლილია ინდივიდუალიზმისგან და პიროვნული პასუხისმგებლობისგან. პიროვნული პასუხისმგებლობა - ოდისევსის, პროტაგონისტის, ხვედრია, რომელიც ტროას დაწვას, აღმოჩნდა, რომ სულაც არ მიიჩნევს “გმირობად,” პირიქით - მიიჩნევს ზევსისეული “სტუმარ-მასპინძლობის” კანონის დარღვევად, დანაშაულად და… ცოდვად.
ამგვარად, ცხადია, რომ ფილმში ნათლად ფიგურირებს ცოდვის, მონანიებისა და “კანონიერი მეფის დაბრუნების” ტრადიციული, ქრისტიანული ნარატივები. (საეჭვოდ) ბასრი გონებითა და (სათუოდ) მარდი ალღოთი ცნობილ ამერიკელ მემარჯვენე მიმომხილველებს კი ხსენებული ქრისტიანული სულისკვეთება მხედველობიდან რატომღაც გამორჩათ. ამდენად, ჯერ კიდევ პერმანენტული კულტურული ბოიკოტის რეჟიმში არიან და პატრიოტულად აპროტესტებენ, მაგალითად, პენელოპეს სასიძოების მრავალეთნიკურ შემადგენლობას. აი იმ სასიძოების, ოდისევსმა რომ ნაკუწებად აქცია, დაბრუნების შემდგომ, რაც diverse/მრავალფეროვანი ქასთის პირობებში, კანონიკური, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ერთობ არაპოლიტკორექტული ნაბიჯიც იყო, სერ კრისტოფერ! მემარცხენე მიმომხილველებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, მათი გონების სიბასრე სულ მთლად ლეგენდარულის კატეგორიაში გადის, შესაბამისად, ფილმის მიმართ ხოტბა-დიდებას არ იშურებენ მისი "არატრადიციულობის,” “თანამედროვეობისა” და “რევოლუციურობის” გამო. სინამდვილე კი ასეთია, რომ 2026 წლის “ოდისეა” აღმოჩნდა “მრავალფეროვნებისა” და “ვოუქიზმის” შესამოსელში გახვეული კინემატოგრაფიული “ტროას ცხენი” მემარცხენე-ლიბერალურ “ჰოლივუდში” და კრისტოფერ ნოლანის, - კაცის, რომელსაც კათოლიკური სკოლა აქვს გავლილი, - პირადი და უნივერსალური, ქრისტიანული ოდისეა.

ავტორი: ქეთევან კოპალიანი.
0
0