03/05/2023
08:37
სამართალი
კრიმინალური გარჩევა თბილისში და სროლა ფიროსმანის ქუჩაზე - დამირ კირცხალიას ცეცხლი სახლის კართან გაუხსნეს. ქუჩაზე მოძრავი შავი ფერის ავტომობილიდან 54 წლის მამაკაცს 4-ჯერ ესროლეს. კირცხალიას ტყვია ფეხში, ხელში და ბეჭში მოხვდა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილი, საიდანაც მამაკაცს ესროლეს, ადგილიდან გაქცევის დროს საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეჯახა.
რა მოტივით გაუსწორდნენ ფიზიკურად კირცხალიას, ოფიციალურად ცნობილი ჯერ არ არის. გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით, კირცხალიას და დანაშაულის ჩამდენ პირს, სროლამდე რამდენიმე დღით ადრე, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი ჰქონდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცის სახელი რამდენიმე წლის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებდა. მაშინ სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გამოძალვის და ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დააკავეს. მათ შორის იყო დამირ კირცხალიაც. არსებული ინფორმაციით, ის თანამზრახველებთან ერთად, კრიმინალური ავტორიტეტის დავით ქარსელაძის, იგივე "კალატოზას" მითითებით მოქმედებდა.
დაჭრილი დამირ კირცხალია ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.
დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირიც და მის დასაკავებლად აქტიური სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.
0
0