
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ოთხშაბათს კრემლში მიიღოს ოკუპირებული აფხაზეთის არჩეული ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა.
პრესმდივანმა განაცხადა, რომ შეხვედრა სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
როგორც ცნობილია, 15 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. პოსტზე ხუთი ადამიანი იბრძოდა: აფხაზი პოლიტიკოსი ბადრა გუნბა, ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში ოლეგ ბარციცი, "კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა, ოპოზიციონერი ადგურ არძინბა და შავი ზღვის განვითარების ბანკის თავმჯდომარე ადგურ ხურხუმალი.
მეორე ტური 1 მარტს გაიმართა. მასში უკვე ორი კანდიდატი მონაწილეობდა: გუნბა და არძინბა. პირველმა კანდიდატმა არჩევნების მეორე ტურში 54 954 ხმა მიიღო.
3 მარტს გუნბამ განაცხადა, რომ მისი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება რუსეთთან თანამშრომლობის გაზრდა. პუტინმა თავის მხრივ მას "პრეზიდენტად" არჩევა მიულოცა.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვებამ, რომელიც ჩატარდა ხალხის ნების თავისუფლად გამოხატვის პირობებში, დაადასტურა აფხაზი მოქალაქეების მხარდაჭერა გუნბას ხაზის მიმართ, რათა უზრუნველყოს შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და რესპუბლიკის პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.
0
0