
კრემლი ეთანხმება დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კიევი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას აჭიანურებს.
როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, დროა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აიღოს პასუხისმგებლობა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
„აქ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, დავეთანხმოთ ტრამპის აზრს. პრეზიდენტი პუტინი და რუსული მხარე ღიაობას ინარჩუნებენ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიციები ყოველდღიურად უარესდება.
„სიტუაცია კიევის რეჟიმისთვის დღითიდღე უარესდება და კიევის რეჟიმის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფანჯარა მცირდება. დროა, ზელენსკიმ აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა ვლადიმერ პუტინი, არამედ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს. ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რატომ ვერ ხერხდება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი სახმელეთო კონფლიქტის დასრულება, რასაც ტრამპმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა: „ზელენსკი“.
0
0