23/12/2024
14:59
მსოფლიო
კრემლმა არ დაადასტურა თურქული მედიის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაშარ ალ-ასადის მეუღლეს განქორწინება და რუსეთის დატოვება სურს.
როგორც ცნობილი გახდა, დეკემბრის დასაწყისში ასადი, მისი მეუღლე ასმა და ოჯახის წევრები სირიიდან გაქცევის შემდეგ, რუსეთის დედაქალაქში ჩავიდნენ. ასადის ადგილმდებარეობა დადასტურდა, რადგან რუსული საინფორმაციო სააგენტოები აცხადებდნენ, რომ მოსკოვმა სირიის ოპოზიციის ლიდერებთან შეთანხმება დადო.
წყაროს თქმით, ამბოხებულების მხრიდან სირიაში არსებული რუსული სამხედრო ბაზებისა და დიპლომატიური ინსტიტუტების უსაფრთხოება გარანტირებულია. თუმცა, 22 დეკემბერს, თურქულმა და არაბულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში მყოფმა ასმა ალ-ასადმა სასამართლოში განქორწინების შესახებ სარჩელი შეიტანა.
შეკითხვაზე, შეესაბამება თუ არა ასმა ალ-ასადის შესახებ აღნიშნული ცნობები რეალობას, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა: „არა, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება“. მან ასევე უარყო თურქული მედიის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ასადი მოსკოვში დააკავეს და მისი აქტივები გაყინულია.
0
0