-share.jpg)
სინოპტიკოსები სამხრეთ აშშ-ის დიდ ნაწილში ტემპერატურის რეკორდულ მონაცემებამდე გაზრდას პროგნოზირებენ. ჯანდაცვის სპეციალისტები 90 მილიონზე მეტ ამერიკელს დიდი რაოდენობით სითხის მიღებისკენ მოუწოდებენ.
ქალაქ ფენიქსში ტემპერატურა მე-19 დღეა, 43 გრადუსს აღწევს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფოებში ექიმები დასიცხული პაციენტების გასაგრილებლად, უკიდურეს შემთხვევაში, ყინულით სავსე [გვამის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ] წყალგაუმტარ რეზინის ტომრებს იყენებენ.
აშშ-ში ტემპერატურა მთელი კვირის განმავლობაში სახიფათოდ მაღალი იქნება. აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მონაცემებით, ქვეყანაში მიმდინარე წელს 12000-ზე მეტჯერ რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
მცირეწლოვანი ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები და კონდიციონერის არმქონე მოსახლეობა, ასევე ისინი, ვისაც გარეთ უწევს დიდხანს ყოფნა, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.
ადამიანზე ექსტრემალური სიცხის მუდმივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სითბური გამოფიტვა, თავბრუსხვევა, სისუსტე და თავის ტკივილი არტერიული წნევის დაქვეითებით. ოფიციალური პირების თქმით, ქალაქ ფენიქსში, გადაჭარბებული სიცხის ზემოქმედების შედეგად, უკვე 12 ადამიანი დაიღუპა.
„კოვიდპანდემიის პიკური ტალღების შემდეგ საავადმყოფოები ასეთი გადატვირთული არ ყოფილა”, - განუცხადეს CNN-ს Valleywise Health Medical Center-ის ექიმებმა.
ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო, მსოფლიოში ექსტრემალური სიცხის შემთხვევები გახშირდა, უფრო ინტენსიური გახდა და კიდევ უფრო დიდხანსაც გრძელდება. ინდუსტრიული ეპოქის დაწყების შემდეგ მსოფლიოში ჰაერის საშუალო ტემპერატურამ უკვე 1.1°C-ით მოიმატა და უფრო გაიზრდება, სანამ მთავრობები, ემისიების მკვეთრად შემცირების მიზნით, შესაბამის ზომებს არ მიიღებენ.
0
0