29/11/2023
16:44
მსოფლიო
„უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის შორის დღეს საშინელი ურთიერთობები ჩამოყალიბდა“, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Economist უკრაინის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას აცნობა, ეს კონფლიქტი მოსალოდნელი იყო და ის კონტრშეტევითი ოპერაციის დროს სერიოზული შედეგების არარსებობის გამო გაჩნდა. ჩინოვნიკი იუწყება, რომ კონტრშეტევა „გეგმის მიხედვით არ წარიმართა“.
ის, რომ ზალუჟნისა და ზელენსკის შორის კონფლიქტი არსებობს, მედია ჯერ კიდევ 2022 წელს იუწყებოდა, მაგრამ ღია ეს კონფლიქტი ახლა გახდა. რამდენიმე კვირის წინ სწორედ The Economist-მა ვალერი ზალუჟნის რეზონანსული ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაცია ჩიხში შევიდა.
„ბატონმა ზელენსკიმ საჯაროდ გააკრიტიკა თავისი გენერალი ასეთი განცხადებებისთვის. შემდეგ მან ზალუჟნი გააფრთხილა, რომ ის სამხედრო, და არა პოლიტიკური საკითხებით უნდა იყოს დაკავებული“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
The Economist-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზალუჟნი, შესაძლოა, დაუფიქრებლად მოიქცა, როდესაც პრეზიდენტის ოპტიმისტურ პოზიციას ღიად დაუპირისპირდა.
„ახლა პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ფრონტზე წარუმატებლობა - გენერლების ბრალია, რომლებიც საბჭოთა სამხედრო სკოლებში სწავლობდნენ, ხოლო გენერლები აცხადებენ, რომ მათ ბრიყვი პოლიტიკოსები ხელს უშლიან. გამარჯვებას ბევრი მამა ჰყავს, ხოლო არავის სურს, რომ ჩიხში შესული სიტუაციის მშობელი იყოს,“ - წერს The Economist.
უკრაინის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს შორის ურთიერთობები გამოძიებამაც გაართულა, რომლის ფარგლებში 2022 წლის თებერვალში და მარტში უკრაინის სამხრეთ ნაწილში თავდაცვის ჩავარდნის მიზეზების გამოძიება ხდება, მაშინ რუსეთმა სულ რამდენიმე კვირაში ყირიმისკენ სახმელეთო დერეფანი გაჭრა. მაშინ აუცილებელი იყო რამდენიმე ხიდის აფეთქება, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ სიტუაციას მომზადებულები ვერ შეხვდნენ. ზალუჟნი ამ საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს, თუმცა ეს ეტაპზე.
ასევე, გამოცემა სოციოლოგიურ კვლევების შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით უკრაინის მთავრობაში კორუფციული სკანდალების ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 32%-მდე შემცირდა, ხოლო ზალუჟნის პოპულარობის რეიტინგი 70%-ია. „ის, რომ ზალუჟნი პოლიტიკურ ნაბიჯებს არ დგამს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ამ მხრივ ზელენსკისთვის გარკვეულ საფრთხეს არ წარმოადგენს“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Economist.
0
0