21/11/2024
15:33
პოლიტიკა
ვინ იწვევს პარლამენტის სხდომას, ვინ არის ის უფლებამოსილი პირი? თავისით ხომ არ შეიკრიბებიან ადამიანები, რომელთა უფლებამოსილება უნდა ცნოს პარლამენტმა. ამიტომ პირველი სხდომის მოწვევის უფლება არავის აქვს. ამიტომაც ვერ პოულობენ ამ კითხვებზე პასუხს - რეგლამენტში წერია, თუ დეპუტატების უფლებამოსილების წესი გასაჩივრებულია, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ შეიკრიბოს,- ამის შესახებ იურისტმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საარჩევნო წესების დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე.
ეკა ბესელიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა, როგორც პრეზიდენტის, ისე დეპუტატების სარჩელი, პრეზიდენტის სარჩელის წარმომადგენელი კი სასამართლოში, თავად იქნება. ბესელია არ გამორიცხავს, რომ სარჩელები შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს სასამართლომ, რადგანაც „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის სხდომის მოწვევა ეჩქარება.
„მზად ვართ პროცესისთვის. სასამართლოში წარვადგენთ არამხოლოდ იმ არგუმენტებს, რომელიც ეხება ფარულობის და საყოველთაობის დარღვევას, მათ შორის უფლებამოსილების საკითხია, რომელიც გასაჩივრებულია და სადაოა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ არჩევნების შედეგები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი იმიტომ, რომ არჩევნების ჩასატარებელი და მისი მომწესრიგებელი ნორმები არის არაკონსტიტუციური და ამ ნორმების შედეგად დაირღვა კონსტიტუციური სტანდარტი - ფარულობაც, საყოველთაობა. შესაბამისად, დეპუტატების უფლებამოსილება არის სადაო. ვიდრე ეს საკითხი განიხილება, პარლამენტს არ აქვს უფლება ჩაატაროს სხდომა“, - განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, მისი განმარტებით, სრულიად წარმოუდგენელი იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი საერთოდ დაუშვებლად ცნოს.
„გარკვეულწილად გითხრათ, არაფერი აღარ გამიკვირდება, მაგრამ თუ მინიმალურ სამართლებრივი ლოგიკის დონეზე ვიმსჯელებთ, განხილვაზე საერთოდ უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ საერთოდ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარი თქვა სასამართლომ. ბარემ დახურონ ის სასამართლო, დაადონ დიდი ბოქლომი, ეს სრულიად წარმოუდგენელი რამ იქნება. მე უფრო ველოდები, რომ ეს უფრო სწრაფად მოხდება და შეიძლება ფორმალურადაც რაღაც მინიმალური სტანდარტები დაიცვას. დიდი იმედი და მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ეს იყო აუცილებელი სვლა იმიტომ, რომ როდესაც პრეზიდენტი ამბობს, არ ვიწვევ პირველ სხდომას, იქვე ამბობს, რა არის გამოსავალი. ერთ-ერთი გამოსავალი არის ამ საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტა. თუ სასამართლო ოდნავ მაინც გაუძლებს ამ პოლიტიკურ გავლენას, მას ექნება შესაძლებლობა დაინახოს ის, რაც დავინახეთ ჩვენ, ყველამ, როგორ ირღვეოდა კონსტიტუციური სტანდარტი არჩევნების დღეს.
კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ვერცერთ ნორმას, სადაც წერია, რომ თუ პრეზიდენტი არ იწვევს სხდომას, იწვევს ვინმე სხვა. ასეთი შეკრება იქნება კონსტიტუციის დარღვევა. არის სხვა შემთხვევები, სადაც პრეზიდენტი თუ რაღაცას არ აკეთებს, იქვე წერია, ვინ აკეთებს. ხოლო, აქ იმიტომ არ წერია, რომ ეს არის საგამონაკლისო უფლება, წესი, პროცედურა ამიტომ ცალკე მუხლია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ალბათ იშვიათად ხდება და არა ყოველთვის, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და სხდომას არ ვიწვევ. ასეთ დროს, ის, იქვე სთავაზობს გამოსავალს, რა უნდა მოხდეს, ვიდრე სხდომას ისევ თავად მოიწვევს. ამიტომ ამ სხდომის მოწვევა არის ანტიკონსტიტუციური. ვინ იწვევს ამ სხდომას? პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს, არც წევრების უფლებამოსილებაა ცნობილი, არც მთავრობაა. ამ ყველაფერს კი ახალი პარლამენტი ირჩევს და ვინ იწვევს ამ სხდომას? უცხოპლანეტელები ვერ ჩამოვლენ“, - განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას ეხება - ფარულობა და საყოველთაობა.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა მიმართა.
0
0