
როგორც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯეიმს კომერმა განაცხადა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ოთხი ადამიანი გამოავლინა, რომლებიც, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, დოკუმენტებს, მისი სახელით, ავტომატური ხელმოწერით ადასტურებდნენ. მისი თქმით, საუბარია თეთრი სახლის თანამშრომლებზე.
კონგრესმენები აპირებენ დაადგინონ, ვინ მიანიჭა აღნიშნულ პირებს შესაბამისი უფლებამოსილება და ზუსტად გაიგონ, თუ როგორ მიმდინარეობდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მიერ შეწყალებისა და აღმასრულებელი ბრძანებების ხელმოწერის პროცესი.
„ჩვენ დავასახელეთ ოთხი თანამშრომელი, რომლებმაც, ჩვენი ინფორმაციით, ხელში ჩაიგდეს დოკუმენტები, ავტომატური მეთოდით ხელმოსაწერად გაგზავნეს და ამ დოკუმენტებზე ჯო ბაიდენის ხელმოწერა ,,ჯადოსნურად’’ გამოაჩინეს. ჩვენ გვინდა გავარკვიოთ, ვინ მიანიჭა მათ ასეთი უფლებამოსილება“, - განუცხადა კომერმა Fox News-ს.
მანამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ,,ექს-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე გაცემული შეწყალებები ძალადაკარგულია, რადგან მათზე არათუ პრეზიდენტის უშუალო ხელმოწერა არ არის დატანილი, ჯო ბაიდენს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ დოკუმენტებზე.’’
0
0