06/03/2026
15:32

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას - ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, - აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
„კომუნიკაციების კომისია, როგორც მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი, დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება, პასუხისმგებელია უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სტაბილური მედიაგარემო საქართველოში.
გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს.
აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიღებულიყო სწორი და დაბალანსებული მედია პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, დღევანდელმა მოცემულობამ კი საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა“, - აცხადებს კომუნიკაციების კომისია.
0
0