
კოლუმბიის სამხედრო თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა. როგორც „როიტერი“ წერს, შემთხვევას 66 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაკარგულად ითვლება.
ბორტზე 128 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საჰაერო ძალების 11 წევრი, 115 სამხედრო და ორი პოლიციელი. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა.
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის ცნობით, კატასტროფა პუერტო-ლეგისამოში მოხდა — პერუს საზღვართან ახლოს.
კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სანჩესმა განაცხადა, რომ თვითმფრინავზე არსებული საბრძოლო მასალა ხანძრის შედეგად აფეთქდა.
როგორც „როიტერი“ წერს, გადარჩენილების გამოყვანა ჯერ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო. მოგვიანებით ადგილზე სამხედრო ტექნიკა ჩავიდა, თუმცა ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ კატასტროფის ადგილამდე მისასვლელი გზა რთულად გასავლელია, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს.
0
0