კოლუმბიის მთავრობამ მე-18 საუკუნეში ჩაძირული ესპანური გალეონის „სან ხოსეს“ შესწავლა დაიწყო, რომელიც „ჩაძირულ გემთა წმინდა გრაალის“ მეტსახელით არის ცნობილი. სამხრეთ ამერიკის ქვეყანამ ასევე გალეონის გარშემო არსებული ზონა დაცულ არქეოლოგიურ ტერიტორიად გამოაცხადა.
კვლევის პროექტის პირველ ეტაპზე, მეცნიერები გემის დაღუპვის ადგილის ილუსტრირებისა და ზღვის ფსკერზე არქეოლოგიური მასალის ინვენტარიზაციისთვის დისტანციურ სენსორებს გამოიყენებენ. კოლუმბიის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტის განცხადებით, წყალქვეშა რობოტები ასევე ჩაძირული გემის ირგვლივ ზონას აზომავენ, რაც აკადემიური კვლევებისთვის იქნება გამოყენებული.
კოლუმბიის კულტურის მინისტრმა ხუან დევიდ კორეამ საძიებო ექსპედიციას „უპრეცედენტო“ უწოდა.
როგორც ცნობილია, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ფლოტში არსებული გემი 1708 წელს, კოლუმბიის ქალაქ კარტახენასთან ახლოს, ბრიტანეთის ესკადრონთან ბრძოლისას ჩაიძირა. თუმცა კვლავ სადავოა, ვის ეკუთვნოდა გემი, რომელიც უძვირფასესი ნივთებით იყო დატვირთული. მეცნიერთა ვარაუდით, გემს ესპანეთის მეფესთან 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საგანძური [ბრიტანელების წინააღმდეგ დახმარებისთვის ომის საფასური] გადაჰქონდა. კატასტროფას ეკიპაჟის 600 წევრი ემსხვერპლა.
0
0