
ირაკლი კობახიძის საჯარო წერილი მიმართულია შიდა მოხმარებისთვის, რათა საკუთარ მხარდამჭერებს აჩვენონ, რომ არ დრკებიან, მედგრად უმკლავდებიან „დიფთ სთეითის“ იერიშებს, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „MEGOBAR აქტს“ თავისი შედეგები ექნება, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იგრძნობენ.
„MEGOBAR აქტს“ თავისი შედეგები ექნება, რომელსაც ისინი იგრძნობენ. ამიტომ აღიარებენ თუ არ აღიარებენ, ამას რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს ბრძოლას ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს იმიტომ, რომ ეს ბრძოლა არის ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის განვითარებისთვის. „MEGOBARI აქტი“ ამის გამოხატულებაა“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
გარდა ამისა, ცუცქირიძე საქართველოს პარლამენტის მიერ „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ სპეციალური განცხადების მიღების გეგმას გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის დრამატულად შემობრუნების განაცხადი გააკეთონ“.
„ამერიკასთან არსებული ურთიერთობების კიდევ გაუარესება რთულად წარმომიდგენია იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, ის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც გვქონდა და ამიტომ შეიძლება იყოს მხოლოდ რიტორიკული დოკუმენტი ან რაიმე უფრო სხვა. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის დრამატულად შემობრუნების განაცხადი გააკეთონ. არსებობს კონსტიტუცია, სადაც ჩანაწერებია და ამ კონსტიტუციას ისინი ერთპარტიულად ვერ შეცვლიან, მაგრამ სხვა ასეთ განაცხადებას და ნაბიჯებს არ გამოვრიცხავ, რომ გადადგან. თუ ასე მოიქცევიან, საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს კიდევ უფრო დააჩქარებენ“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
0
0