17/05/2024
16:43
სამხედრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე,სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად,ოფიციალური ვიზიტით,გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე, თავდაცვის ატაშე გერმანიასა და შვეიცარიაში, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და ქართული დელეგაციის წევრები, ქალაქ ლაიფციგში, საპროთეზო ორთოპედიული საშუალებების საერთაშორისო გამოფენას დაესწრნენ, სადაც თანამედროვეობის წამყვანი საპროთეზო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამ სფეროში ტექნოლოგიურ ნოვაციებს გაეცნენ.
გამოფენის მონაწილეთა შორის იყო ამ სფეროში ლიდერი გერმანული კომპანია_ ოტტობოკი, რომელთანაც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.
პირველად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოტტობოკთან თანამშრომლობას, 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით. მემორანდუმის ფარგლებში, სამსახურის 53 ბენეფიციარს დაუმზადდა მაღალი დონის საპროთეზო საშუალებები. კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, დავით ძებისაშვილი და თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრის დირექტორი, თეა ერისთავი შეხვდნენ ოტტობოკის რეგიონულ მენეჯერს, ანატოლი ტირიკს და პრეზიდენტს აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ტიმ შაფერს. შეხვედრაზე დაიგეგმა ამპუტანტი ვეტერანებისთვის შესაბამისი საპროთეზო საშუალებებით უზრუნველყოფა, ვეტერანთა შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება.
შეხვედრის დასასრულ, მხარეებს შორის, განახლდა სამმხრივი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ, თეა ერისთავმა და ტიმ შაფერმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს, საპროთეზო და სარეაბილიტაციო მომსახურების გაწევას სამსახურის იმ ბენეფიციართათვის, ვინც უკვე სარგებლობს ოტტობოკის მიერ წარმოებული საპროთეზო საშუალებებით და საჭიროებს დამხმარე საშუალების ან პროთეზის განახლებას.
0
0