23/08/2024
20:22
სამხედრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით, დანიის სამეფოში იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, პირველი შეხვედრა დანიის ვეტერანთა ცენტრის დირექტორთან, პოლკოვნიკ კიმ სიმონსენთან გამართა.
შეხვედრაზე, კობა კობალაძემ მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და ის პროექტები გააცნო, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ახორციელებს, ასევე ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და მათი გამოცდილების გაზიარება.
„მასპინძელმა მხარემ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა და დანიის ვეტერანთა ცენტრის სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა, ფსიქო-სოციალური და განათლების მიმართულებით არსებული პროექტები გააცნო. ასევე, გაუზიარა ინფორმაცია დანიაში არსებულ ვეტერანთა კატეგორიებისა და შესაბამისი სტატუსის მინიჭების წინაპირობების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ დანიის ვეტერანთა ცენტრი დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ცენტრში რეგისტრირებულია 65 000-მდე ვეტერანი. განსაკუთრებით, განვითარებულია კვლევითი და ფსიქო-სარეაბილიტაციო მიმართულება. მასპინძელმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის პროექტებზე, მათ შორის პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მართვისა და აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევისათვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას, თავისი გამოცდილება გაუზიარა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ერთობლივი ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებაზეც ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს, ამ მიმართულებით ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მიზანს წარმოადგენს, საერთაშორისო მიმართულებით მეგობარი ქვეყნების, ანალოგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოს ვეტერანებისთვის, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დანერგვა და განხორციელება.
ამ კუთხით, დანიის სამეფოში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება მნიშვნელოვანია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დანიის ვეტერანთა ცენტრის შტაბის უფროსი, სარდალი იანიკ ანდერსენი, ვ. სანიკიძის სახელობის, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჭანტურიძე.
ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დანიის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0