
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან სამუშო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო საჯარო სკოლებში საპილოტე პროგრამის - „სამხედრო საქმის“ სწავლების მიმდინარეობისა და განვითარების პერსპექტივების განხილვა.
პროგრამა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 100-მდე საჯარო სკოლაში ხორციელდება, ითვალისწინებს მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის საგნის „სამხედრო საქმის“ შესწავლას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ საგანს ასწავლიან ომის და თავდაცვის ძალების ვეტერანები, რომლებიც შესაბამისი სამხედრო და პედაგოგიური კომპეტენციით გამოირჩევიან.
სკოლების მხრიდან მზარდი ინტერესისა და ჩართულობის ფონზე, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პროგრამის გაფართოებაზე და შეთანხმდნენ, რომ განათლების სამინისტრო უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ვეტერანების გადამზადებას, რათა მათ შეძლონ საგნის სწავლება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სკოლებში.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში „სამხედრო საქმის“ სწავლების ინიციატივებს ხელს უწყობს, ასევე, მოხალისეთა ორგანიზაცია — ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და „საქართველოს გენერალთა კლუბის“ მიერაა დაფუძნებული. გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, 2025 წლის სასწავლო სეზონის განმავლობაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, 30-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ და მათმა სამხედრო მასწავლებლებმა გაიარეს მოხალისეთა მომზადების პროგრამა. პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს სწორედ იმ სკოლებმა, რომლებშიც ისწავლება საგანი - “სამხედრო საქმე”.
საჯარო სკოლებში „სამხედრო საქმის“ სწავლება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პატრიოტული ცნობიერების, თავდაცვისუნარიანობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, ასევე ომის და თავდაცვის ძალების ვეტერანების დასაქმების ხელშეწყობას, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.
1
0