18/05/2023
16:34
სამართალი
კლინიკა გორმედი ჩუტყვავილას გართულებით 4 წლის ბავშვის დაღუპვა ეხმაურება. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პაციენტი კლინიკაში 17 მაისს, 03:50 საათზე თვითდინებით შეიყვანეს, მათივე განმარტებით, იმ მიზეზის გამო, რომ ბავშვი კლინიკაში მხოლოდ 10 წუთით იყო, ვერ ჩატარდა კვლევები და ადეკვატური მკურნალობა.
გორმედის მტკიცებით, ბავშვის მშობლებს პაციენტის კლინიკაში დატოვება ექიმებმა არაერთხელ სთხოვეს, თუმცა ოჯახმა ის თბილისში საკუთარი მანქანით წაიყვანა.
"მოგესალმებით, გუშინდელ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით, გვინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვათ და მივუსამძიმროთ პატარა თომას ოჯახს.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 4 წლის ბავშვი თვითდინებით, მშობლების მიერ, შემოყვანილ იქნა კლინიკის პედიატრიულ მიმღებში თარიღი: 17.05.23, 03:50 საათზე. არსებული სამედიცინო დოკუმენტების, ჩანაწერებისა და მორიგე მედპერსონალის (ექიმი, მედდა) განმარტებით, ბავშვს აღენიშნებოდა გამონაყარი. დედის გადმოცემით ბინაზე მკურნალობდა ჩუტყვავილის დიაგნოზით ოჯახის ექიმის რეკომენდაციით. პაციენტმა სულ კლინიკაში დაჰყო 10 წუთი, შესაბამისად ვერ ჩატარდა კვლევები, ვერ იქნა დაწყებული ადეკვატური მკურნალობა, რადგან თანმხლებმა პირებმა ბავშვი თვითნებურად გაიყვანეს მიმღებიდან, მიუხედავად ექიმის არაერთგზის თხოვნისა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს თბილისში (რასაც ადასტურებენ ტელევიზიებში ოჯახის წევრებიც).
შემთხვევის სრულყოფილ შესწავლას ახორციელებს კლინიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის მუდმივმოქმედი კომისია". - წერია განცხადებაში.
გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. როგორც ბებია ამბობს, ბავშვი გორიდან თბილისში გადაჰყავდათ, როდესაც გული გაუჩერდა.
"უკვე ძალიან ცუდად რომ იყო, თბილისში უნდა წაგვეყვანა. იავნანა გადმოიტანეს გორმედთან და იქ მივიყვანეთ, რომ შევიყვანეთ, გამოვიდა ექიმი, უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ მივიღოო, ასე მითხრა. ვუთხარი ექიმს, ჩქარა, ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე-მეთქი, [მიპასუხა], მოიცა, ჯერ ისტორია უნდა შევავსოო...
დავავლეთ ბავშვს ხელი, ერთი არ უთქვამს, მოიცა, აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო. გამოვიტაცეთ და წამოვედით. [გზაში] გონება დაკარგა ბავშვმა, ახლოს ვიყავით საავადმყოფოსთან, მაგრამ გული ჰქონდა გაჩერებული". - ამბობს ბებია.
0
0