ახალი კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა, კალიების გიგანტური „ჯგუფები“ გაჩნდეს. სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ექსპერტების შეფასებით, ექსტრემალური ქარი და წვიმა უდაბნოს ზონებში კალიების ყველაზე მასშტაბურ შემოსევას გამოიწვევს, რასაც მავნებელი მწერების უფრო ფართოდ გავრცელება მოჰყვება. მკვლევარები შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან კალიების მასობრივი გავრცელება დამანგრეველ გავლენას მოახდენს გლობალურ კვების ჯაჭვზე.
უდაბნოს კალია გადამფრენი მწერია, რომელიც მილიონობით ჯგუფად დიდ მანძილზე ვრცელდება და ნათესებს აზიანებს. 1 კვ.კმ მანძილზე 80 მილიონამდე კალია ვრცელდება, რომლებსაც შეუძლია 35000 ადამიანის გამოსაკვებად საკმარისი პროდუქტები ერთ დღეში გაანადგუროს. კვლევაში ნათქვამია, რომ მწერის ამ აფეთქებების პრევენცია და კონტროლი გლობალური დათბობის კლიმატის პირობებში უფრო გართულდება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კალიების გავრცელების კერების მონაცემთა სისტემის დახმარებით, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 48-დან 10 ქვეყანა, მათ შორის კენია, მაროკო, ნიგერი, იემენი და პაკისტანი, კალიების შემოსევებით ყველაზე მეტად დაზარალდა.
„არასტაბილური ამინდი და ნალექი ხელს უწყობს კალიების პოპულაციის უზარმაზარ ზრდას. განსაკუთრებით დაუცველი ადგილები, როგორიცაა მაროკო და კენია, მაღალი რისკის ქვეშ რჩება. დასავლეთ ინდოეთსა და დასავლეთ აზიის ცენტრალურ ნაწილში კალიების პოპულაცია 21-ე საუკუნის ბოლომდე, მინიმუმ, 5%-ით კვლავ გაიზრდება,“- თქვა დელავერის უნივერსიტეტის ენტომოლოგიის პროფესორმა დუგლას ტალამიმ.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2003-2005 წლებში, დასავლეთ აფრიკაში კალიების გავრცელებაზე რეაგირებისთვის 450 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. განადგურდა 2,5 მილიარდ დოლარამდე ღირებულების მოსავალი.
0
0