
გრენლანდიის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვენლოვანი გახდება. კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, იცვლება არქტიკა, იხსნება საზღვაო მარშრუტები და ძლიერდება სტრატეგიული კონკურენცია, უკიდურესი ჩრდილოეთი საჭიროებს უდიდეს ყურადღებას, დიდ ინვესტიციებსა და უფრო ძლიერ კოლექტიურ თავდაცვას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ ამ ძალისხმევაში ცენტრალურ როლს შეასრულებს და გაერთიანებული სამეფო მზადაა, ნატოელ მოკავშირებთან ერთად, წვლილი შეიტანოს სრულად.
„თუმცა, აქ ერთი პრინციპია – ამის იგნორირება არ შეიძლება, რადგან საფუძვლად უდევს იმას, როგორ მუშაობს სტაბილური და სანდო საერთაშორისო თამამშრომლობა. ნებისმიერი გადაწყვეტილება გრენლანდიის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით ეკუთვნის მხოლოდ გრენლანდიის ხალხსა და დანიის სამეფოს. ეს არის ფუნდამენტური უფლება და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. დანია არის გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს მჭიდრო მოკავშირე, ნატო-ს საამაყო წევრი, რომელიც ბოლო ათწლეულებში ჩვენ მხარდამხარ იდგა, მათ შორის რეალური ადამიანური მსხვერპლის საფასურად. ალიანსები ნარჩუნდება, რადგან ისინი იგება პატივისცემასა და პარტნიორობაზე და არა ზეწოლაზე. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ ტარიფების დაწესება სრულიად არასწორია. ეს არ არის ალიანსის შიგნით უთანხმოების გადაჭრის სწორი გზა და არც მიზანშეწონილი არაა გრენლანდიის უფართხოების გასამტკიცებლად ძალისხმევის განხილვა, როგორც ეკონომიკური ზეწოლის გამართლება. ასეთი ზომები ზიანს აყენებს ბრიტანელ დასაქმებულებს, ბრიტანულ ბიზნესებსა და ბრიტანეთის ეკონომიკას. სავაჭრო ომი არავის ინტერესში არაა და ჩემი ამოცანაა, ყოველთვის ვიმოქმედო გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, ევროპელ ლიდერებსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, რათა მეპოვა გამოსავალი, რომელიც დაფუძნებული იქნება პარტნიორობის ფაქტებსა და საერთო პატივისცემაზე, რადგან სწორედ ასე იცავენ ძლიერი ალიანსები საერთო ინტერესებს“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
0
0