
რუსეთი შესაძლოა, ბირთვულ პროვოკაციას ამზადებდეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, შესაძლო საფრთხის შესახებ უკრაინის დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო „ტელეგრამში“ წერს. უკრაინის საგარეო უწყება კი უარყოფს რუსეთის ბრალდებას, თითქოს უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს.
„ტერორიზმსა და კურსის ატომურ ელექტროსადგურზე შეტევის ბრალდების პროპაგანდამ არ იმუშავა, ახლა ისინი ისევ ცრუობენ „ბინძური ბომბისა“ და ჩვენი შესაძლო პროვოკაციის შესახებ. ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთი შესაძლოა, ტერაქტს ამზადებდეს“, - წერს კოვალენკო.
ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებით კი, სახეზეა რუსული პროპაგანდის ტალღა, თითქოს, უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას ან ატომურ ელექტროსადგურებზე შეტევას გეგმავს.
„ოფიციალურად უარვყოფთ ამ ცრუ შეტყობინებებს. უკრაინას არ აქვს არც განზრახვა და არც შესაძლებლობა, განახორციელოს ნებისმიერი ასეთი ქმედება. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სახიფათო ტყუილის გავრცელება“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
0
0