
ხარაგაულში სოფლების - ღვერკისა და ხემაღალის მეწყრული პროცესების კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები დასრულებულია. შპს "გეოლოჯიქმა" აღნიშნულიკვლევის მიხედვით შესაბამისი ღონისძიებები შეიმუშავა.
გეოლოგიური კვლევის თანახმად:
გამოკვკეულ ფერდობზე განვითარებულია მძლავრი მეწყრული მოვლენა. იგი იწყება ფერდობის ზედა ნაწილში, გრძელდება ფერდობის ძირის მიმართულებით, მოიცავს სოფელ ხემაღალისა და სოფელ ღვერკის ტერიტორიის დასახლებულ და დაუსახლებელ უბნებს (68.45 ჰექტარს) და სრულდება მდინარე ყარნებას კალაპოტის სიახლოვეს.
მეწყრების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ფერდობზე განვითარებული მეწყრული მოვლენა ცოცვის ზედაპირის სიღრმის მიხედვით კლასიფიცირდება როგორც „ძალიან ღრმა“, (ცოცვის ზედაპირის საშუალო სიღრმე 43 მეტრია), ხოლო მოცულობის მიხედვით კლასიფიცირდება როგორც „ძალიან მძლავრი – ექსტრემელურად დიდი“.
ფერდობზე განვითარებული მეწყერი კვლავ ინარჩუნებს აქტიური მეწყრისთვის დამახასიათებელ საერთო დინამიკას, რაც მოცემულ ვითარებაში შეუქცევად ხასიათს ატარებს და ფერდობის ბუნებრივი სტაბილიზაცია ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის.
დღეის მდგომარეობით, მეწყრული სხეულის კონტურში მოქცეული შენობა-ნაგებობების უმეტესი ნაწილი დაზიანებულია (დეფორმირებულია) ან მთლიანად დანგრეულია. დაშლიალია საავტომობილო გზები, ზოგიერთ უბანზე დეფორმირებულია (გადახრილია, გადაყირავებულია) არსებული რკინაბეტონის საყრდენი კედლები და აღნიშნულ გზებზე ავტომობილით გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელია; დაზიანებულია (გადახრილია, წაქცეულია) ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ანძები.
მეწყერი ფასდება როგორც აქტიური, დინამიკაში მყოფი მოვლენა, რომლის ხელოვნური შეკავება ან ბუნებრივი სტაბილიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში რთულად წარმოსადგენია. ცხადია, რომ საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში მეწყრული სხეულის კონტურში მოქცეული ინფრასტრუქტურის ნგრევა (განადგურება) შეუქცევადი ხასიათის იქნება. ამიტომ, ამ პირობებში აღნიშნულ ტეროტორიაზე გადაადგილებაც კი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, მისი საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება კი კატეგორიულადაა დაუშვებელი.
ცალკე აღსანიშნავია ფერდობის ქვედა ნაწილში მეწყერის გადაადგილების მიმართულებით მდებარე სკოლის შენობა და მისი ექსპლუატაციის საკითხი. ეს (სკოლის) ტერიტორია წარმოადგენს ფერდობის ძირს, აგებულია კლდოვანი ქანებით და ერთგვარი „კონტრფორსის“ როლსაც კი ასრულების.
თუმცა, მეწყრული სხეულის გადაადგილების მიმართულების გათვალისწინებით, საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია, რომ ფერდობის ზედა ნაწილიდან გადაადგილებული გრუნტი მიუახლოვდება/დაფარავს სკოლის ტერიტორიას. აქედან გამომდინარე ამ ეტაპისთვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ შეწყდეს სკოლის ფუნქციონირება.
ამასთანავე, აუცილებლად მიგვაჩნია განხილული იყოს სარკინიგზო მაგისტრალის უსაფრთხოების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ხეობაში წყლის შეტბორვა უკვე წარმოქმნილია, დღეის მდგომარეობით მდინარე მთლიანად ჩაკეტილი არ არის და შეტბორილი ადგილიდან ქვემოთ გარკვეული რაოდენობის წყალი, (ბუნებრივ ხარჯთან შედარებით შემცირებული, ამღვრეული, მოწითალო შეფერილობის) კალაპოტში კვლავ მოედინება.
მაგრამ, მეწყრის გადაადგილებესთან ერთად ხეობის ფსკერის ამოვსების პროცესი გრძელდება და შემდგომში მნიშვნელოვანი მოცულობის ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნის რისკი არსებობს (განსაკუთრებით მდინარე ყარნებას წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების პერიოდში).
ასეთ შემთხვევაში კი საფრთხის ქვეშ დგება სარკინიგზო მაგისტრალი. ასევე, მდინარე ყარნებასა და ჩხერიმელას ხეობების შესაბამის მონაკვეთში მდებარე ინფრასტრუქტურა (სახლები, საავტომობილო გზები, ხიდები და სხვა).
გეოლოგების ამ დასკვნის მიხედვით, მეწყრული მოვლენის წარმოქმნა, ძირითადად, ბუნებრივმა ფაქტორებმა განაპირობა.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, შემდგომში გასატარებელ შესაძლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის – მოძრავი მეწყრული სხეულის მასშტაბის (მოცულობა დაახლოებით 30 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო საშუალო სიღრმე 43 მეტრი) გათვალისწინებით, ძნელად წარმოსადგენია ისეთი ეფექტური საინჟინრო ღონისძიების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს მეწყრის შეჩერებას, ფერდობის სტაბილიზირებას და უსაფრთხოს გახდის მეწყრულ ფერდობზე მდებარე სოფლებში ცხოვრებას, გადაადგილებას თუ სხვა საქმიანობას. ან თუ წარმოვიდგენთ ასეთი ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო რესურსებს, იგი არარენტაბელურად უნდა ჩაითვალოს მისი მაღალი ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე.
მეწყრის ფართობის შემდგომი გაზრდისა და მისი უკუსვლითი გავრცელების უნარის შეზღუდვისთვის კი, შესაძლოა, გარკვეულ უბნებზე (ლოკალურად) გატარდეს რიგი დამცავი თუ შემარბილებელი ღონისძიებები. ასეთ ღონისძიებებად შესაძლოა განხილული იყოს:
სხვადასხვა სახის „კონტრფორსული“ დანიშნულების საყრდენი კედლები;
მასივების დამაგრება შესაბამისი მავთულბადეების, ლითონის ბაგირებისა და ანკერების გამოყენებით;
მიწისქვეშა წყლების მოშორება დრენაჟების მოწყობით;
ზედაპირული წყლის ნაკადების თავმოყრა და არიდება არხების საშუალებით და სხვ.
კონკრეტული ღონისძიების მიზანშეწონილობა კი უნდა განისაზღვროს შესაბამისი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებების საფუძველზე.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებდად ეფექტურ და დაუყოვნებლივ გასატარებელ ღონისძიებებად კი შემდეგი სახის ღონისძიებები მიგვაჩნია:
მეწყრული სხეულის გავრცელებისა და ზეგავლენის არეალში არსებულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების გადაყვანა უნდა მოხდეს უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში;
სოფლებში მიმავალი (მისასვლელი) საავტომობილო გზები უსაფრთხო მონაკვეთებზე უნდა ჩაიკეტოს შესაბამისი ბარიერით (შესაძლოა ე.წ. „შლაგბაუმით“) და გაკონტროლდეს, რათა შეწყდეს (აიკრძალოს) მეწყრულ ფერდობზე არსებულ საავტომობილო გზებზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა;
უნდა აიკრძალოს ქვეითად მოსიარულე ადამიანების გადაადგილება მეწყრულ ფერდობზე და ფერდობის ძირში არსებულ ხეობაში;
უნდა შეწყდეს ფერდობზე არსებული სკოლის ფუნქციონირება;
ვინაიდან მეწყერი და მასთან დაკავშირებული გარემოებები სარკინიგზო მაგისტრალისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს, ამ გარემოემებზე უნდა ეცნობოს „საქართველოს რკინიგზა“-ს და შესაბამის უწყებებს, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად და კოორდინირებულად წარიმართოს შესაბამისი მოქმედებები;
უნდა განხორციელდეს პერიოდული დაკვირვება (მონიტორინგი) მდინარე ყარნებას კალაპოტში წყლის მოდინებაზე, მისი მეწყრისგან ჩაკეტვის ადგილის ქვემოთ (მაგალითად მდინარე ჩხერიმელას შესართავთან), რადგან კალაპოტში წყლის დაშრობის შემთხვევაში, გაიზრდება ღვარცოფული ნაკადების ახლო მომავალში წარმოქმნის ალბათობა;
ამ ეტაპისთვის მიწანშეწონილად არ მიგვაჩნია მდინარე ყარნებას ჩაკეტილი მონაკვეთის გაწმენდა ტექნიკის გამოყენებით, რადგან აღნიშნული სამუშაოს შესრულება მოცემულ სიტუაციაში უსაფრთხო ვერ იქნება;
პერიოდული შესწავლა (მონიტორინგი) უნდა განხორციელდეს ასევე, ფერდობის შუა და ზედა ნაწილში მეწყრის მოწყვეტის კიდეებიდან (მეწყრის კონტურიდან) მოშორებით მდებარე სახლებთან (შენობებთან) მიმართებაში. ვინაიდან მეწყრის უკუსვლითი გავრცელების უნარის გათვალისწინებით, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, შესაძლოა, მეწყრული დეფორმაციები აღნიშნულ სახლებსაც (შენობებსაც) მიუახლოვდეს;
შესაძლოა განხილული იყოს „ადრეული შეტყობინების სისტემისა“ თუ „განგაშის სისტემის“ მოწყობის საკითხიც. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი სისტემების მოწყობა, ჩვენი შეფასებით, არ არის მიზანშეწონილი, რადგან მეწყრის გავრცელების ადგილიდან დასაცავ ობიექტებამდე მანძილი ძალზე მცირე – მაქსიმუმ 200 მეტრია.
1
0
თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
30/09/2025