
ამ წუთებში, ხანძარია მარტვილში, სოფელ სალხინოში.
ინფორმაცია "სფეინიუსს" მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
"ხანძარი ტყეშია. ადგილზე ვართ და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები",- ამბობს მამუკა ქვარცხავა.
ხანძარია მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთის ფერდობზეც. ცეცხლი უკიდია ეკალბარდებს.
ამ დროისთვის, უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი.
ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. უწყების ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან დაშორებულია.
შეგახსენებთ, რომ დღეს განცხადება გაავრცელა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. უწყება, ტყის ხანძრის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ტყის ხანძრის შემთხვევები დაფიქსირდა, რომელთა გამოწვევის შესაძლო მიზეზად სწორედ ადამიანთა დაუდევრობა განიხილება.
0
0