
ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულას" კეზერაშვილმა ტელეკომპანიის 25%-იანი წილი ნოტარიულად გაუფორმა. გადაწყვეტილება გამოაცხადეს 9 ივნისს მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ტელეკომპანია „ფორმულის" თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე.
იმის გამო, რომ დავით კეზერაშვილის პასპორტსა და პირადობის მოწმობას ვადა აქვს გასული, ხოლო, იუსტიციის სახლი მას ახალი დოკუმენტების აღების საშუალებას არ აძლევს, წილის ნოტარიულად გაფორმების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ა(ა)იპ-ის დაფუძნების დროს მიიღეს.
„მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ამ გარიგებას აუცილებლად დავარეგისტრირებთ ნოტარიულად და ის აუცილებლად მოიპოვებს იურიდიულ ძალას ავტომატურად, მას შემდეგ, რაც მოხდება ამ პრობლემის მოგვარება", - განმარტა ჯერ კიდევ 12 მაისს „ფორმულის" გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ.
როგორც „ფორმულა" იუწყება, ცვლილების შედეგად, ტელეკომპანია ახლა უკვე ლეგალურადაც უზრუნველყოფს სარედაქციო დამოუკიდებლობას.
ა(ა)იპ "თავისუფლების ფორმულის" გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც კომერციულ ტელევიზიაში გუნდს დიდი დოზით ეძლევა პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა.
„თავისუფლების ფორმულას" მართავს გამგეობა, გამგეობას ჰყავს არჩეული თავმჯდომარე და ეს არის როტაციული, ანუ ეს არ არის მუდმივი პოზიცია. წილს ფლობენ ისინი, ვინც მუშაობენ „ფორმულაში". ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენ ან გავასხვისოთ წილი ან ამ წილით რაღაც მოქმედებები ჩავატაროთ, არა, უბრალოდ, მუდმივად, ვინც იმუშავებს ფორმულაში, მას ექნება ეს 25%. შესაბამისად, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც კომერციულ ტელევიზიაში გუნდს ეძლევა ამხელა დოზით პროცესებში მუდმივი ჩართვის, მათზე მუდმივი მეთვალყურეობის, მონიტორინგის შესაძლებლობა", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.
0
0