
“ფორმულას” გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები დააფუძნებენ ა(ა)იპ-ს, რომელშიც 40 ადამიანი იქნება გაერთიანებული.
როგორც ირკვევა, სწორედ ამ ორგანიზაციას გადაეცემა არხის მფლობელისა და დამფუძნებლის მიერ დაპირებული 25%-იანი წილი.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ უარს ამბობს “ფორმულას” საკონტროლო პაკეტის ფლობაზე და საკუთარი წილის ნახევარს ტელეკომპანიის თანამშრომლებს გადასცემს. კეზერაშვილი წილის 51%-ს ფლობს და თანამშრომლებს 25%-ს უთმობს.
კეზერაშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი უარყოფს ამ სქემებში მონაწილეობას.
ტელეკომპანია ფორმულას მენეჯმენტმა დღეს, 12 მაისს ბრიფინგი გამართა და ისაუბრა იმ სტრუქტურაზე, თუ როგორ გეგმავენ ზემოხსენებული გადაწყვეტილების იმპლემენტაციას.
“ფორმულას” თანახმად, ნინო ჟიჟილაშვილი თანამდებობაზე თანამშრომლებმა აირჩიეს და ის გამგეობის თავმჯდომარე ერთი წლის განმავლობაში იქნება.
წყარო: “ნეტგაზეთი”
0
0