
ტელეკომპანია "ფორმულაში" თანამშრომლებისთვის წილების გადაცემის პროცესი დაიწყო.
ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლები დააფუძნებენ ა(ა)იპ-ს, რომელშიც 40 ადამიანი იქნება გაერთიანებული.
უკვე შერჩეულნი არიან ორგანიზაციის გამგეობის წევრები და გამგეობის თავმჯდომარე - ნინო ჟიჟილაშვილი. ჩამოყალიბდება ბორდი, რომელშიც სხვა დამფუძნებლებთან ერთად იქნება წარმოდგენილი გამგეობის თავმჯდომარე.
"ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართულ მედიასივრცეში პირველად დაფიქსირდება პრეცედენტი, როდესაც მედიაში სადამფუძნებლო სისტემა იქნება იმდაგვარი, რომ ვერც ერთი დამფუძნებელი ვეღარ შეძლებს ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისად ის დანაპირები იქნება სისრულეში მოყვანილი, რომელიც ჩვენ სამი კვირის წინ გავაკეთეთ.
ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ეცდება ამ პროცესის შეყოვნებას და პროცესი იქნება შეჩერებული იუსტიციის სახლში და არ მოხდება დარეგისტრირება წილისა და ამის მიზეზი გახდება ის, რომ დავით კეზერაშვილის პირადობასა და პასპორტს ვადა აქვს გასული და, სამწუხაროდ, ხელისუფლება არ აძლევს მას საშუალებას, რომ ეს პასპორტი აღდგეს. ამის მიზეზი ცხადია არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს, რომ სისრულეში მოვიდეს არხის დამფუძნებლისა და თანამშრომლების საერთო გადაწყვეტილება წილის განკარგვასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ სხვა არანაირი ფუნქცია ამ პასპორტს დავით კეზერაშვილისთვის არ გააჩნია მის გაგრძელებას და ეს პასპორტი არის საჭირო მხოლოდ იმისათვის, რომ მოხდეს წილის გადაფორმება არხის თანამშრომლებისთვის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველაფერი მოგვარდება " - თქვა გუმბარიძემ
ნინო ჟიჟილაშვილი გამგეობის თავმჯდომარე ერთი წლის განმავლობაში იქნება.
"ჩვენ ყველანი ვართ შეთანხმებული იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რა რთულ მდგომარეობაში ვართ ახლა, მაინც განვაგრძოთ გზა, რომელსაც ჰქვია ძალიან კეთილსინდისიერი სამართლიანი, ყველა სტანდარტის დამცველი მედიასაშუალების გზა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ ისეთი მოთამაშე მედიაბაზარზე, როგორიც უნდა იყოს დემოკრატიულ სისტემებში. როგორც იცით, ჩვენთან არ დადიან სტუმრად ხელისუფლების წარმომადგენლები, რაც არ გვაძლევს სრულფასოვან საშუალებას, რომ თქვენ მათი მოსაზრებები შემოგთავაზოთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად გვესხმიან თავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ჟურნალისტებს აქვთ მუდმივი ზეწოლის პრობლემა და ჩვენი არხის დახურვის საფრთხისა და წილის წაღების საფრთხის წინაშე, მაინც ვიღებთ გადაწყვეტილებას, არაფრით გადავუხვიოთ ჟურნალისტურ სტანდარტს", - თქვა ჟიჟილაშვილმა.
"ფორმულამ" თანამშრომლებისთვის წილების გადაცემის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა უარი თქვა საკონტროლო პაკეტზე და განაცხადა, რომ არსებული წილის ნახევარს, სწორედ ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემდა.
0
0