
,,ვატიკანის გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერ ადამიანებს უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ნათლობაში, შეასრულონ მოწმის მოვალეობა რელიგიის კანონებით შესრულებულ საქორწილო რიტუალში და თავადაც მოინათლონ,“ - განაცხადა ვატიკანის რწმენის დოქტრინის დეპარტამენტმა სანტო ამაროს ეპისკოპოს ხოსე ნეგრის შეკითხვის საპასუხოდ - შესაძლებელია თუ არა, რომ ერთსქესიანმა წყვილმა ნაშვილები ან სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვი მონათლოს.
ივლისში, სანტო ამაროს [ბრაზილია] ეპისკოპოსმა ხოსე ნეგრიმ ლგბტ ადამიანებისა და ნათლობისა და ქორწინების ცერემონიებში მათი მონაწილეობის შესახებ ვატიკანის რწმენის დოქტრინის დეპარტამენტს ექვსი შეკითხვა გაუგზავნა.
კითხვა-პასუხის ფორმატში მოცემულ სამგვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არგენტინელმა კარდინალმა ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა. რომის პაპმა ფრანცისკემ დოკუმენტი 31 ოქტომბერს დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტის ტექსტი, რომელშიც იტალიურად ნახსენებია სიტყვა "ტრანსსექსუალები", დეპარტამენტის ვებსაიტზე 8 ნოემბერს გამოქვეყნდა.
86 წლის რომის პაპი ცდილობდა, რომ ეკლესია ლგბტ პირებისადმი უფრო დადებითად განეწყო საეკლესიო სწავლებების შეცვლის გარეშე, რომელთა თანახმად, ცოდვად ითვლება არა ერთსქესიანთა ურთიერთობები, არამედ მათი ქმედებები.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ტრანსგენდერი ადამიანების მონათვლა, ვატიკანის რწმენის დოქტრინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ, მოინათლონ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, თუ არ არსებობს "საზოგადოებრივი სკანდალის ან მორწმუნეთა შორის დეზორიენტაციის გამოწვევის რისკი".
ვატიკანის დოქტრინალური ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრანსგენდერი ადამიანები შეიძლება იყვნენ ნათლიები, ისევე როგორც მოწმეები ჯვრისწერის ცერემონიაზე ადგილობრივი მღვდლის შეხედულებისამებრ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას მღვდელმა უნდა გამოიჩინოს „პასტორალური წინდახედულობა“.
„ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ეკლესიაში, როდესაც ტრანსგენდერებს აღიქვამენ არა მხოლოდ, როგორც ადამიანებს (ეკლესიაში, სადაც ზოგი ამბობს, რომ ისინი ნამდვილად არ არსებობენ), არამედ, როგორც კათოლიკეებს“, - წერს X-ზე ცნობილი იეზუიტი მღვდელი და ლგბტ უფლებების მხარდამჭერი მამა ჯეიმს მარტინი.
ივლისში, რომის პაპი ტრანსგენდერებს შეხვდა და მიმართა: "თუნდაც ცოდვილები ვიყოთ, ის (ღმერთი) გვიახლოვდება, რათა დაგვეხმაროს. უფალს ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ. სწორედ ეს არის ღვთიური სიყვარული."
Reuters-ის ინფორმაციით, ვატიკანის რწმენის დოქტრინის დიკასტერიამ ბუნდოვანი პასუხი გასცა კითხვას, შეძლებენ თუ არა ერთნაირსქესიანი წყვილები აყვანილი შვილის ან სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვის მონათვლას. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ამისათვის უნდა იყოს საფუძვლიანი იმედი, რომ ბავშვი განათლებას კათოლიკური რელიგიის მიხედვით მიიღებს. რაც შეეხება ჰომოსექსუალური იდენტობის პირთა ნათლიობას, ამ შემთხვევაში დიკასტერიის პასუხი დადებითი, თუმცა ბუნდოვანია - შესაძლებელია, თუმცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს „რწმენის შესაბამისი ცხოვრებით“.
0
0