შიდა ქართლის პოლიციამ 55 წლის მამაკაცი, ქალის ადევნების ბრალდებით, დააკავა. იგი პოლიციელებმა იზოლატორში იმ დროს წამოიყვანეს, როდესაც ჯერ კიდევ სამსახურში იმყოფებოდა.
პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე მამაკაცი სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების დახმარებით, ცდილობდა ქალთან დაახლოებას, ზოგჯერ სატელეფონო ზარების საშუალებით, ზოგჯერ კი გზაში დახვედრით აწუხებდა მას.
პროკურორის თქმით, ქალმა შეიცვალა ცხოვრების რეჟიმი, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, იძულებული იყო ჩანთით ჩაქუჩი და დანა ეტარებინა. მისი ინფორმაციით, სექტემბრიდან თებერვლამდე განხორციელებულია 30-მდე ზარი, რომლითაც მას თანაცხოვრებას სთავაზობდნენ.
სრულიად განსხვავებული ვერსია გააჟღერა ადვოკატმა გოჩა გოჩიტაშვილმა. მისი თქმით, ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთის მეზობლები არიან და მათ ხშირი კონტაქტი დიდი ხანია, აქვთ.
1969 წელს დაბადებული მამაკაცი ამბობს, რომ მეზობელს ხშირად ეხმარებოდა ფინანსურად. მისი თქმით, დაახლოებით 3 ათასი ლარის ვალის გამო მოიშორეს თავიდან.
მოსამართლე ლევან დარბაიძემ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
წყატო: qartli.ge
0
0