09/05/2022
12:03
პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ევროპის დღეს აღნიშნავს.
ევროპის დღეს, ტრადიციულ განცხადებაში, ელჩი კარლ ჰარცელი ყურადღებას ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე ამახვილებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის სოლიდარობას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, განსაკუთრებით, უკრაინის მიმართ.
„როდესაც რუსეთი ევროპაში თავისი გაუმართლებელ ომს აწარმოებს, ჩვენ მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის გვერდით ვდგავართ, იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც გვაერთიანებს და რომელსაც ჩვენი კავშირი ეფუძნება. საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული, პარტნიორობა, რომელიც მომავალში გაიზრდება, რადგანაც საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირის გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობით. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას - ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად“, - აცხადებს ჰარცელი ვიდეო მიმართვაში.
ამასთან, სპეციალურად 2022 წლის ევროპის დღისთვის შექმნილი დოკუმენტური ფილმის ონლაინ პრემიერა 9 მაისს, 21:00 საათზე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდზე გაიმართება.
ევროპის დღე ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება. იგი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა.
0
0