
სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით რაიმე ახალი მექანიზმი არ შემოდის, ხდება მხოლოდ პროცედურული დაზუსტებები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„პრაქტიკამ აჩვენა, რომ გარკვეულ საკითხებს დაზუსტება სჭირდება. რეალურად, ხდება მხოლოდ პროცედურული დაზუსტებები – რაიმე სიახლე ან ახალი მექანიზმი არ შემოდის, განსაკუთრებით შეტყობინებების ნაწილში. შეტყობინების მექანიზმი აპრობირებულია ყველგან, მათ შორის სასამართლოებსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე არსებობს საზღვარგარეთაც. ამ შემთხვევაში, სიახლე არ არის. ხდება მხოლოდ ტერმინის გასწორება, „შეტყობინების“ ნაცვლად, გამოიყენება „უწყების ჩაბარება“.
რაც შეეხება ახალგაზრდებს, რომლებიც სასწავლებლად არიან წასული, ჩვეულებრივ, როგორც საქართველოში, სტუდენტის სტატუსი წარმოადგენს გადავადების საფუძველს. შესაბამისად, პირი თუ წარმოადგენს ცნობას, რომ საზღვარგარეთ სწავლობს, ბუნებრივია, დაექვემდებარება გადავადებას.
კანონში განსაზღვრულია გადავადების საფუძვლები. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს ინდივიდუალური გარემოება, რომლის გამო ჯარში წასვლამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ინდივიდუალურ შემთხვევებს განიხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას გადავადებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული მექანიზმი უკვე რამდენიმე წელია, მოქმედებს და ამ დრომდე არცერთი პრობლემური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება გამოცხადებას, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეფასდება. ეს თუ უქმნის გარკვეულ პრობლემებს კარიერას, სწავლას ან პირად ცხოვრებას, ამ შემთხვევაში, საკითხს ინდივიდუალურად შევისწავლით.
„დაუყოვნებლივ ჩამოსვლა“ კანონში არსად არის მითითებული. საუბარია გონივრულ ვადაზე, რომელიც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება, რათა პირმა შეძლოს მიმდინარე საქმეების დასრულება და შემდეგ დაგეგმოს საკუთარი ვალდებულების შესრულება.
კითხვაზე, რომ საზღვარგარეთ მყოფი წვევამდელი თუ არ დაბრუნდება, როგორი იქნება რეაგირება, გიორგაძემ აღნიშნა:
„ჩვეულებრივ, როგორც საქართველოში ხდება. საქართველოში არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირი თავს არიდებს ვალდებულებას და ბუნებრივია, მოქმედებს რეაგირების მექანიზმი. ჯარიმა განსაზღვრულია 1 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნა გიორგაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ვებგვერდზე ინფორმაციის ატვირთვის მიმართულებით რაიმე სიახლე არ იქნება.
„ეს მექანიზმი წლებია, არსებობს როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში, ასევე თავდაცვის სამინისტროშიც. წვევამდელი შეტყობინებას თუ ვერ გაეცნობა, მას ექნება გასაჩივრების შესაძლებლობა. შესაძლოა, მართლაც არსებობდეს ობიექტური მიზეზი, რის გამოც ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ გახდა, ასეთ შემთხვევაში, საკითხს სასამართლო ინდივიდუალურად განიხილავს. დღეს კომუნიკაციის არაერთი საშუალება არსებობს და ვებგვერდზე გამოქვეყნება საბოლოო ეტაპს წარმოადგენს. პრაქტიკულად, იმდენი კომუნიკაციის საშუალება არსებობს, შეუძლებელია, ადამიანი ვერ იპოვო ან ვერ დაუკავშირდე. საქმე თუ ეხება ვალდებულების შეგნებულად თავის არიდებას, სწორედ ამიტომ არის ეს მექანიზმიც შემოღებული, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს. პირველ ეტაპზე ხდება პირდაპირი კომუნიკაციის მცდელობა უშუალოდ წვევამდელთან ან მისი ოჯახის წევრებთან, როგორც სატელეფონო ზარით, ისე მოკლეტექსტური შეტყობინებით. ასევე შესაძლებელია, ფოსტის გამოყენება ან მისამართზე ვიზიტი. არსებობს მრავალი საშუალება, ვიდრე საქმე ვებგვერდზე აიტვირთება“, – განაცხადა გიორგაძემ.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ წვევამდელის გამოძახება განხორციელდება როგორც უწყების ჩაბარებით, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, მათ შორის მოკლეტექსტური შეტყობინებით.
ცვლილებების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
პირისთვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს; ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც უკუკავშირით და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით დადასტურდება.
0
0