
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ დედაქალაქში მრავალსართულიან შენობას დრონი მოხვდა. მოსკოვის მერის თქმით, დრონი მოსფილმის რაიონში მდებარე სახლს მოხვდა.
მისი თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარის სხვა დეტალებს არ ავრცელებს.
მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ დრონი შეეჯახა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც კრემლიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.
ამასთან, რუსული მედია იუწყება, რომ მოსფილმის ქუჩაზე მდებარე „ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსთან“ აფეთქების ხმა გაისმა. სახლის სიახლოვეს დრონის ნამსხვრევები ჩანს. ადგილზე მუშაობენ სპეცსამსახურები, ტერიტორია შემოღობილია.
მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ინციდენტის შედეგად დაზიანდა სამი ბინა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემამ 117 უკრაინული დრონი გაანადგურა, მათ შორის მოსკოვის რეგიონში.
0
0