
პარლამენტში ინიცირებულია და კომიტეტებს განსახილველად გადაეცა „ქართული ოცნების“ კანონის პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ რიგ კორუფციულ დანაშაულში იქნებიან მხილებულნი, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციების შევსებისა და მისი ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება ექნებათ.
ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ხორციელდება და ამ თვალსაზრისით კანონის მოქმედების ქვეშ ექცევიან: - სახელმწიფო მოსამსახურეები, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირები, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, ასევე სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული პირები, რომელთა წინააღმდეგ კორუფციული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი იარსებებს.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებებით, საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც სასამართლოს მიერ კორუფციულ დანაშაულში იქნებიან მხილებული, ვალდებული ხდებიან გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარუდგინონ. ასეთ პირებს ქონებრივი დეკლარაციის ყოველწლიურად შევსებისა და წარდგენის ვალდებულება 30 წლის განმავლობაში ექნებათ.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, თანამდებობის პირი ვალდებულია ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარუდგინოს. აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოქმედებს.
0
0