
კანონმდებლები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტზე იმსჯელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები 18 კანონპროექტისგან შედგება.
"სისხლის სამართლის კოდექსს" სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება; ანალოგიური ფორმულირება ჩნდება "ადმინისტრაციულ კოდექსშიც".
გარდა ამისა, იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს. მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
"უცხოელების გაძევება ახლაც შეიძლებოდა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, მარტივდება ეს პროცესი. პრობლემას ამაში ვერ ვხედავ, ზოგადად, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე არ გინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს, მისი გაძევების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს და ალბათ ასეთი შესაძლებლობა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანას გააჩნია. დანარჩენი, პრაქტიკაში როგორ გამოიყენება, იქნება კრიმინალთან ბრძოლის ნაწილი თუ პოლიტიკური გაძევება იქნება, ამას პრაქტიკა გვაჩვენებს, მე არ მაქვს ცუდი მოლოდინი ამის თაობაზე", - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
0
0