25/11/2024
18:43
პოლიტიკა
"კანონიერია თუ არა პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილების ცნობა? პასუხი: არა!
არის თუ არა ეს 150 პირი პარლამენტის წევრი? პასუხი: არა, ისინი მხოლოდ არჩეულად გამოცხადებული პირები არიან, რომელთა არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში!"- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე სოციალურ ქსელში სელში წერს:
"კონსტიტუციური ამოცანა:
ფაქტი 1: 16 ნოემბერს ცესკომ დაადგინა არჩევნების შედეგები და გამოაცხადა პარლამენტის წევრად არჩეული 150 პირის სია.
ფაქტი 2: ცესკოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო კოდექსისა და ცესკოს დადგენილებების ზოგიერთი ნორმის ნორმატიული შინაარსისა და მათ საფუძველზე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისა და, შესაბამისად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ფაქტი 3: პრეზიდენტმა არ დანიშნა პირველი სხდომა. პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა 25 ნოემბერს.
ფაქტი 4: პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს უფლება არა აქვს განიხილოს იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხი, რომლის არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.
ფაქტი 5: პირველ სხდომაზე მისულმა, არჩეულად გამოცხადებულმა 88 პირმა ცნო პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება.
კითხვები და პასუხები:
1. კანონიერია თუ არა პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილების ცნობა? პასუხი: არა!
2. არის თუ არა ეს 150 პირი პარლამენტის წევრი? პასუხი: არა, ისინი მხოლოდ არჩეულად გამოცხადებული პირები არიან, რომელთა არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში!
3. კონსტიტუციურია თუ არა ამ პარლამენტის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღო პარლამენტმა ან რომლებსაც მიიღებს პარლამენტი თავის წევრთა უფლებამოსილების კანონიერად ცნობამდე? პასუხი: არა!
4. ამ სამი კითხვა-პასუხის გათვალისწინებით, შეუძლიათ თუ არა ახლა პარტიებს, „ჩახსნან“ პარტიული სიები, ხოლო არჩეულად გამოცხადებულ 61 წევრს - წარადგინონ გადადგომის განცხადებები? პასუხი: ჩემი აზრით, არა, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებით ისინი ირიბად აღიარებენ უფლებამოსილების ცნობის კანონიერებას!
კონსტიტუციონალისტებო, რას იტყვით?
P.S. არაფერს ვამბობ სამართლებრივ, და არა პოლიტიკურ, ლეგიტიმიზაციაზე, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო ან არ დააკმაყოფილა სარჩელები."
0
0