27/11/2022
23:59
პოლიტიკა
„ვერც ერთი კანდიდატი ვერ გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, თუ სააკაშვილის გადარჩენის ბრძოლაში დავმარცხდებით“ - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები გაურკვეველ კამპანიებს აწარმოებენ, რაც იღებს სამარცხვინო სახეს, ჩანს არაფორმალური გავლენების კვალი. ამ თემებზე მელიამ სოციალური ქსელით გავრცელებულ პოსტში დაწერა:
„მეგობრებო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება. ოჯახის და ადვოკატების ინფორმაციით, ავტორიტეტული ექსპერტების დასკვნები დასრულებულია და შესაბამისად, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით სასამართლოს ამ დღეებში მიმართავენ შუამდგომლობით.
შესაბამისად მიმაჩნია რომ მისაღებია კონკრეტული გადაწყვეტილება. სწორედ აქ უნდა ვიყოთ ერთიანები და პატივი ვცეთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და ნაციონალური მოძრაობის წინაშე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა.
ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ და ერთიანი პოზიცია გვქონდეს, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს. სამწუხაროდ ეს პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე ცდება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.
მოგეხსენებათ, იმთავითვე ვამბობდი რომ ასეთ დროს და ასეთი ფორმით საარჩევნო მარათონის გამოცხადება, რბილად რომ ვთქვათ, უადგილო იყო, მაგრამ უკვე ახლა, არსებულ ვითარებაში არჩევნები უკვე აუცილებელია, რომ პარტიამ შეძლოს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება.
ამდენად, ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ეს არჩევნები, რათა დროულად ვფოკუსირდეთ მთავარ გამოწვევაზე და ახლაც, არჩევნებამდეც, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გაყვანის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს და უნდა ვიფიქროთ შემდგომ ნაბიჯებზე, ასეთი ტიპის საარჩევნო კამპანიის პრიორიტეტად ქცევა საერთოდ არასწორად მიმაჩნია.
ვერც ერთი კანდიდატი ვერ გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, თუ საერთო ბრძოლაში დავმარცხდებით!“, - წერს მელია სოციალურ ქსელში.
0
0